bilingva-blog
bilingva-blog
Untitled
22 posts
Don't wanna be here? Send us removal request.
bilingva-blog · 1 month ago
Text
სარკევ, სარკევ…
მე სარკე ვარ და ადამიანებს ისე ვუყვარვარ, როგორც თავიანთი თავი. ხშირად მიყურებენ, თუ მოსწონთ, რასაც ხედავენ და თუ არ მოსწონთ, მაბრალებენ, რომ მე ვასუქებ ან ცუდი ვარ და ზიზღით თვალს მარიდებენ. ყოველთვის მწყინდა, როცა სიძულვილს ვხედავდი და დიდხანს მეგონა, რომ ჩემი ბრალი იყო. ვფიქრობდი, უკეთესი რომ ვყოფილიყავი, იმას ვაჩვენებდი, რისი დანახვაც უნდოდათ და გავაბედნიერებდი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ბრალი არ იყო. მე მიყვარს ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან და როცა გიყვარს, ვერ მოატყუებ. რა ვუყოთ, რომ თავად არ მოსწონთ თავიანთი თავი და რ��ც კი გზაზე სინამდვილეს დაანახებს, ყველაფერს სიძულვილში უტყდებიან. მესმის, უფრო მარტივია სარკეებს გაექცე, ვიდრე შენს თავს. შევეგუე, რომ მე არაფერ შ��აში ვარ და ალბათ არც ისინი. 
უბრალოდ ერთ დღეს მივხვდი, რომ ყველაზე ლამაზი ისაა, რაც ყველაზე ნამდვილია და ამის შემდეგ სხვანაირად ვეღარ ვხედავ სილამაზეს. ადამიანებს ეს როგორ გავაგებინო?!
0 notes
bilingva-blog · 1 month ago
Text
შუაღამის ფიქრები
ნეტავ ჩვენს სახელს დედამიწაზე უკანასკნელად ვინ ახსენებს?
თუ სრულყოფილად ცხოვრებას ვერ შევძლებთ, რატომ ვიბადებით?
საკუთარ თავთან ლაპარაკი დიალოგია თუ მონოლოგი? 
რამდენჯერ გინანია, რომ დიდი გული გაქვს? 
რატომ ირჩევ ერთსა და იმავე ადამიანებს სხვადასხვა სხეულში?
როგორ ივიწყებენ იმას, რაც მხოლოდ წარმოსახვაში არსებობდა? 
ვისაც ვკარგავთ, ისინი ვხდებით? 
იმ ტკივილს რომ განვიცდიდეთ, რაც სხვას მივაყენეთ, იგივენაირად მოვიქცეოდით?
მოთმინება: სიტყვა თვითონ გვეუბნება - ჩვენი ნებაა, მოვითმენთ თუ არა. 
0 notes
bilingva-blog · 1 month ago
Text
ჩუმი ადამიანები
ნამდვილად არსებობენ ჩუმი ადამიანები?
თუ ოდესღაც ამ ჩუმ ადამიანებს არ მოუსმინეს და ახლა ისწავლეს, როგორ დაიტოვონ თავიანთი აზრები თავისთვის?
საერთოდაც, მგონია, რომ ადამიანი ხმაურისგან შედგება — თუ დააკვირდები, მა�� სიჩუმეშიც კი ის ხმაურობს, რაც არ თქმულა. 
ზოგჯერ ისეც ხდება, ადამიანი ჩუმადაა, რადგან არაფერი აქვს სათქმელი და გარშემომყოფებს კი ჰგონიათ, თითქოს რაღაც საიდუმლოს ინახავს და არავისთვის ემეტება სათქმელად.  
და მაინც გარეგნულად ჩუმი ადამიანები ყველას მოსწონს, იმიტომ ��ომ, რაც უფრო ჩუმად ხარ, მეტი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა აქვს სხვას და როგორსაც უნდა, ისეთს წარმოგიდგენს - რა თვისებასაც უნდა, იმას მოგაწერს. შენც დუმხარ და ილუზიაზე წყალს უსხამ სიჩუმით. ჩუმ ადამიანთან ყველა მართალია - არ ეწინააღმდეგებიან, საპირისპიროს არავინ უმტკიცებს. ადამიანები კი ყველაზე ბედნიერები არიან მაშინ, როცა თავი მართალი ჰგონიათ. 
არსებობენ კიდევ ნახევრად ჩუმი ადამიანები. ისეთები, რომლებიც ბევრს მოგიყვებიან თავიანთ თავზე, მაგრამ სინამდვილეში არაფერს გეტყვიან. ყველაზე მნიშვნელოვანს დაგიმალავენ. ყველას ჰგონია, რომ გადაშლილი წიგნებივით არიან — მაგრამ მარტო ის გაუგებს ნახევრად ჩუმ ადამიანს, ვინც კარგი მკითხველია. ვინც სიტყვებს მიღმა კითხულობს. ვინც მიხვდება, რომ რაც არ ითქვა — ზუსტად ის იყო მთავარი.
დაკვირვებული თუ არ იქნები, სიმართლე თითებს შორის გაგისხლტება და მერე ვეღარც დაიჭერ.
ირონია ის არის, რომ ნახევრად ჩუმ ადამიანს იშვიათად უსმენენ ყურადღებით. ჰგონიათ, რაც არ უნდა ჰკითხონ, ყველაფერს იტყვის. ჰგონიათ, რომ საკითხავი აღარაფერია.
მაგრამ გადაშლილი წიგნიც რომ იყო — კითხვა ყველას შეუძლია? და ვისაც კითხვა შეუძლია — მათგან რამდენს ესმის ის, რაც წაიკითხა?
0 notes
bilingva-blog · 1 month ago
Text
ვინ ვარ მე?
ბილინგვა (bilungual) ლათინურად ორენოვანს ნიშნავს, ერთი და იმავე შინაარსის შემცველ ორ სხვადასხვა ენაზე დაწერილ ტექსტს. 
ჩემს ენაზე ბილინგვა გულის და გონების ენას გულისხმობს, სადაც შინაარსიც ორია და ფორმაც. გონების ხმა სულ სხვას გეუბნება, ლოგიკას ეყრდნობა და ფაქტებით ამტკიცებს სათქმელს - რასაც ხედავ, იმას გაჯერებს, გულისხმა კი პირიქით - სადამდეც თვალი ვერ წვდება, იქაა. 
ჩემთვის ორივე ნამდვილია და შესაბამისად, ორივე თავისებურად მართალი. 
0 notes
bilingva-blog · 1 month ago
Text
კარგი ადამიანები
ბევრს იმიტომ არ უყვარს კარგი ადამიანები, რომ თავის სიმცირეს გრძნობს მათთან. თავიდან ყველას მოსწონს, როგორ ექცევა მას კარგი ადამიანი - როგორ უყვარს კარგ ადამიანს, როგორ პატიობს, როგორ ესმის ყველაფერი ახსნის გარეშე. 
მერე თანდათან ხვდებიან, რომ თვითონ სულაც არ ჰგვანან კარგ ადამიანს. მოულოდნელად მათთვის აუტანელი ხდება ის, რაც კარგ ადამიანში უყვარდათ. სიკეთე სისუსტედ და სიბრიყვედ იქცევა, ემპათია - ტვირთად, სიყვარულიც ნამდვილს აღარ ჰგავს, არც ის ესმით, ახსნის გარეშე როგორ ხვდება კარგი ადამიანი ისტორიის მათ მხარეს, ისიც კი აუტანელია, ბოდიშის გარეშე რომ პატიობს კარგი ადამიანი სიცივესაც, ტყუილსაც, მიტოვებასაც, სიყვარულის ნაკლებობასაც კი. 
კარგი ადამიანი უცებ ცუდი ხდება იმიტომ, რომ სხვისი დადანაშაულება უფრო იოლია, ვიდრე საკუთარი თავის გამოსწორება.
0 notes
bilingva-blog · 1 month ago
Text
დახუჭობანა
მე და ბედნიერება დიდი ხანია დახუჭობანას ვთამაშობთ, მაგრამ ვერ გამიგია, მე ვიმალები თუ ის მემალება.
0 notes
bilingva-blog · 1 month ago
Text
ღამის სიყვარული
სულ მიყვარდა ღამე. მთელი სამყარო რომ ჩუმდება და მხოლოდ შენი სამყაროს ხმა გესმის - თითქოს გრძნობს, რომ ყველამ დაიძინა და აღარ ეშინია სამალავიდან გამოსვლის.
0 notes
bilingva-blog · 1 month ago
Text
გულის ხელით დაჭერა
"გული ხელით მიჭირავს" - ამ ფრაზაზე სულ წარმოვიდგენ ილუსტრაციას, სადაც სხეული მხოლოდ შემორკალული სილუეტია, მთლიანი მარტო გული და ის ხელია, რომელსაც გული უჭირავს - თითქოს ერთდროულად იჭერს და თან აჩუმებს. გულს კი ცრემლის ნაცვლად სისხლი სდის და თვალებიც აქვს, პირიც, მაგრამ ამ გულის პატრონს აღარც იმის დანა��ვა უნდა, რასაც გული ხედავს და აღარც იმის მოსმენა, რაც გულიდან მოდის. 
0 notes
bilingva-blog · 1 month ago
Text
რატომ ვიცვლებით?
სამყარო მოქანდაკესავით არის, რომელიც მანამდე გიმიზნებს წერაქვს, სანამ შენგან შედევრს არ შექმნის. 
ხანდახან წარმოვიდგენ, რომ ქვა ვარ. ცხოვრება ჩემი მოქანდაკეა და უნდა რაღაც განსაკუთრებული შექმნას ჩემგან, მაგრამ არ გამოსდის. 
ისეთი ძველი ვარ და ისეთი ჯიუტი - თუ რბილად მოინდომებს ჩემს გამოჭრას, ბევრს ვერაფერს შეცვლის, ხოლო თუ ძლიერად მომიქნევს წერაქვს, ვიმსხვრევი და მაინც არაფერი რჩება ხელში. მოთმინებადაკარგულ მოქანდაკეს კი მგონი ისღა დარჩენია, თავიდან ბოლომდე დამფშვნას ან თავისთავად შედევრად მაღიაროს და შემეშვას. 
0 notes
bilingva-blog · 1 month ago
Text
აუტანელი სიყვარული
მილან კუნდერამ რომანი "ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე"  55 წლის ასაკში დაწერა. ნაწარმოები სავსეა ფილოსოფიური კითხვებით და ცხოვრების პარადოქსებით. პირველად რომ წავიკითხე, 22 წლის ვიყავი, მეორედ 29 წლის ასაკში გადავიკითხე და სულ სხვა შთაბეჭდილება დამრჩა. წიგნი იგივე იყო, მე - აღარ. ამან დამაფიქრა, ცხოვრებაც ხომ წიგნი არ არის, მეორედ მიუბრუნდე და თავიდან გადაფურცლო ან ხელახლა გაიაზრო - ნეტავ, რას ვკარგავთ, სანამ შევიცვლებით? 
ჩემი საყვარელი პერსონაჟები საბინა და ტომაში გახდნენ – ერთი ადამიანი ორ საპირისპირო სქესში. საუკუნეების კითხვაა, რა არის სიყვარული, მაგრამ რაზეც ასე თუ ისე უმეტესობა ვთანხმდებით, მხოლოდ ისაა, რა არ არის სიყვარული. ყველანი იმ ადამიანის სიყვარულს უფრო ვიჯერებთ, ვისი გრძნობაც ერთგულებაზე დგას და დროს უძლებს. ასეთი პერსონაჟები არიან ჯერ კარენინი, შემდეგ ტერეზა და ფრანცი.
სასაცილოა ისიც, რომ ტერეზა და ფრანციც, ტომაშისა და საბინას მსგავსად, ერთი ადამიანის საპირისპირო სქესის გამოხატულებაა. საბინა, რომელიც ��ომაშის ქალი ვერსიაა, ირჩევს ფრანცს, რომელიც ტერეზას კაცი ვერსიაა. ტერეზა და ფრანცი ერთგულების, სინაზის, პარტნიორზე დამოკიდებულების სიმბოლოები არიან, საბინა და ტომაში კი - თავისუფლების, მოძრაობის, სიმამაცისა და სიძლიერის სიმბოლოები.
ორმა ერთნაირმა ადამიანმა, რომლებმაც ერთმანეთი მხოლოდ დიდი მსგავსების მიზეზით არ აირჩიეს, იდენტურ პარტნიორებს პოულობენ. 
მეტაფიზიკური კანონი გამართლდა – პლიუსი და მინუსი ყოველთვის ერთმანეთს იზიდავს.
რატომ არის ზოგჯერ სიყვარული აუტანელი?
ტერეზას სიზმარი, სადაც ტომაში პატარა, უმწეო კურდღლად გადაიქცა, აუტანელი სიყვარულის ეფექტია. ტერეზას კურდღელი ხელში აჰყავს და ახლა მასზე ზრუნვა მხოლოდ მისი მოვალეობაა. კურდღლად ქცეული ტომაში არჩევანის უფლებას კარგავს და ისღა დარჩენია, მფლობელს, ტერეზას, ბოლომდე მიენდოს. 
მეორე დღეს კი ტერეზა უყურებს ტომაშს – ერთ დროს ექიმს, ქირურგს, რომელიც ყოველდღე უამრავი ადამიანის სიცოცხლეს და ბედს აკონტროლებდა. ის თამაშობდა ღმერთის როლს თეთრ ხალათში. ტერეზა აკვირდება ტომაშის ჭაღარას, დაკოჟრებულ ხელებს და ასაკით გამოწვეულ მოუქნელობას - ახსენდება თავისი სიზმარი და ის კურდღელი, ტომაშისგან რომ დარჩა.
თავის თავს ეკითხება – ყველაფერი ცუდი, რაც ტომაშის ცხოვრებაში მოხდა, იქნებ მხოლოდ და მხოლოდ მისი ბრალი იყო?
ხვდება, რომ ერთადერთი, რაც უნდოდა, ტომაშის იმ პატარა კურდღლად გადაქცევა იყო, რომ არავისთვის გაეყო მისი სიყვარული. შემთხვევითი შეხვედრა, რომელმაც არც ისეთი შემთხვევითი როლი ითამაშა ორი ადამიანის ცხოვრებაში. 
ტომაშმა ტერეზასთან ყოფნის გამო მიატოვა ციურიხი, უკეთესი მომავალი, შემდეგ პროფესია, შემდეგ პრაღა და ბოლოს აღმოჩნდა მიყრუებულ სოფელში, საიდანაც არსად წასვლა აღარ შეეძლო. ტერეზა ტომაშისთვის ის მორევია, რომელიც დროთა განმავლობაში ტომაშს თავისივე სიღრმეებში ითრევდა. სწორედ მაშინ, როდესაც ტერეზა მიხვდა, რომ ის მიიღო, რაზეც ოცნებობდა - ტომაში ახლა მხოლოდ მისია - გადაწყვიტა, საპასუხო სიხარული მიანიჭოს და მიჰყავს იქ, საიდანაც ვერცერთი მათგანი ვეღარ დაბრუნდება.
ცეკვის დროს ტერეზა ტომაშს მიმართავს:
" - ტომაშ, რაც კი ცუდია შენს ცხოვრებაში, ჩემი ბრალია. აქაც კი ჩემ გამო მოხვდი, ამ ფსკერზე, საიდანაც გასაქცევი აღარ არის".
ტომაშის პასუხი კი ყველაზე უანგარო სიყვარულის გამომხატველია:
" - რას სულელობ? ნუთუ ვერ ხედა��, რომ აქ ბედნიერი ვარ?"
მის გაოცებაში ჩანს, რომ არასდროს დაფიქრებულა, რა დაკარგა ტერეზას გამო, პირიქით – დანაკარგი მხოლოდ იმას ახვედრებდა, რომ იშორებდა უსარგებლოს ყველაზე მნიშვნელოვანის შესანარჩუნებლად.
თითქოს ტერეზა იყო საჰაერო ბურთი, რომელშიც ტომაში შემთხვევით ავიდა, მაგრამ საკუთარი ნება-სურვილით დარჩა. რაც უფრო მეტ სიმძიმეს მოისროდა, მით უფრო მაღლა და მაღლა მიდიოდა ტერეზასთან ერთად. ასე იცავდა თავიანთ სიყვარულსაც და ტერეზასაც. 
ერთი შეხედვით, ტერეზას ერთგული სიყვარული, ეჭვიანობა, საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში, ხელების კანკალი – რაც მის სისუსტეს და ნევროტულობას გამოხატავდა – მკითხველს ყველაზე ნამდვილ, გულწრფელ სიყვარულად შეიძლება მოეჩვენოს,
მაგრამ...
სანამ ტერეზა ეჭვიანობდა, დარდობდა, ტომაშის აზრებზე, გულსა და სხეულზე ავტონომიის გამოცხადების დღეს ელოდებოდა, ვხედავთ, რომ ტომაშს უსიტყვოდ, განუსჯელად და უანგაროდ უყვარდა. 
იმ დღიდან, რაც ტომაშმა ტერეზა მასთან კალათით გამორიყულ უმწეო არსებად აღიქვა, მისი სიყვარული გახდა უსიტყვო ზრუნვა ტერეზაზე. არც კი უფიქრია, რომ ზუსტად ამ ქალის გამო მისი ცხოვრება სულ სხვა მიმართულებით წავიდა. მოცემულობას ისე იღებდა, თითქოს რაც არ უნდა დაეკარგა, ტერეზასთან სიახლოვე ყველაფერს გადაწონიდა.
როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ზოგჯერ ის სიყვარული უფრო ძლიერია, რომელიც ერთი შეხედვით სიყვარულს საერთოდ არ ჰგავს. ასეა სისუსტისა და სიძლიერის შემთხვევაშიც.
ტერეზას სისუსტე ის თვისებაა, რომელიც პერსონაჟის უმთავრეს მახასიათებლად გვეჩვენება, სანამ არ მივხვდებით, რომ ტერეზამ ეს სისუსტე თავის ყველაზე დიდ იარაღად აქცია.
ტომაში სიძლიერეს სიყვარულის სახელით თმობს და ტერეზას გარდა ყველასთან ძლიერი და მტკიცე რჩება. მისი ერთადერთი სისუსტე ტერეზაა.
და ბოლოს, სიზმარში, სადაც ტერეზა ტომაშის დაპატარავებას და კურდღლად გადაქცევას უყურებს, ვხვდებით, რომ ტერეზამ ტომაში გადატანითი მნიშვნელობით შთანთქა და დაიმსგავსა.
დომინანტური გენი ყოველთვის ჯობნის რეცესიულს, უფრო დიდი სახელმწიფო ყოველთვის შთანთქავს პატარა სახელმწიფოს კულტურას, რაც არ უნდა უძველესი და ღირებული იყოს ეს უკანასკნელი. 
ზოგიერთი სიყვარული კი იმდენად დიდი და უსაზღვროა, შენგან იმდენი მიაქვს, სანამ პატარა კურდღლად არ გადაქცევს და ბოლოს უფსკრულში არ გადაგჩეხავს. 
ეს რომანი ჩემთვის სიყვარულზე არ არის. ეს არის გრძნობაზე, რომელიც ადამიანებს სიყვარული ჰგონიათ. უკეთ რომ ვთქვათ, სიყვარულზე, რომლის ატანა იმ ადამიანისთვისაც შეუძლებელი ��დება, ვისაც უყვარს და მათთვისაც, ვინც აუტანელი სიყვარულით უყვართ. 
0 notes
bilingva-blog · 1 month ago
Text
კითხვა - როგორი?
თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ცხოვრებას ყველაზე მეტად ზედსართავი სახელები გვირთულებენ. განსაკუთრებით კი ზედსართავი სახელის შედარებითი და აღმატებითი ფორმები.
ყველაფერი კარგადაა, სანამ მე ვარ ადამიანი, ქალი, მაქვს განათლება, სამსახური, სახლი, ქვეყანა, საჭირო ნივთები, სანამ არ შემოდის კითხვა როგორი? 
დაუსრულებლად შეიძლება გააგრძელო არსებითი სახელების დასახასიათება და მიხვდე, რომ ზედსართავი სახელების გარეშე, ყველაფერი მხოლოდ კი ან არა, მაქვს ან არ მაქვს, ვარ ან არ ვარ იქნებოდა. მარტივად და ლაკონიურად. 
სად გადის ზღვარი არსებულსა და უკეთესს შორის? როდის ჩნდება უფრო კარგი, უფრო ლამაზი, უფრო წარმატებული – როგორც აუცილებლობა - და როდის გვავიწყებს იმას, რაც უკვე გვაქვს?
სინამდვილეში ზედსართავი სახელები ხომ ჩვენი ემოციების და სამყაროს აღქმის გადმოსაცემად გამოვიგონეთ. ნებისმიერ საგანს თუ ადამიანს ნიშან-თვისებების გარეშე ნათლად ვერ წარმოიდგენ. ჩვენ გვინდოდა გვეპოვა სხვა, ვისთვისაც ისაა მშვენიერი, რაც ჩვენთვის და მივიღეთ დაყოფისა და შეჯიბრების დაუსრულებელი ლაბირინთი - როგორია? როგორ მოიქცა? როგორი უნდა იყოს?
სანამ იმას დავსდევთ, რაც უკეთესი იქნებოდა, გვავიწყდება შევამჩნიოთ ის, რაც უკვე არის. რეალობის შეცვლის და გაუმჯობესების წყურვილი უდაბნოში ოაზისს ჰგავს - იცი, რომ სადღაც არის, მაგრამ გეჩვენება, ხელიდან გისხლტება და მიმართულებას გაკარგვინებს. ყველანი ხომ საბოლოოდ მაინც ისეთები ვართ, როგორიც ახლა შეგვიძლია ვიყოთ. მთავარია, რომ ვართ. 
ერთი დღით მაინც რომ ყველას 'როგორი-ს' გარეშე გვეცხოვრა, პირველად რას შევამჩნევდით ჩვენში და სხვაში?
0 notes
bilingva-blog · 1 month ago
Text
გიჟი ქართულად
„მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა“ –
„ვეფხიტყაოსანი“.
 
ძველად შმაგი ანუ გიჟი არაბულად შეყვარებულ ინდივიდს ეწოდებოდა. დღეს კი ქართულად გიჟი ნიშნავს ადამიანს, რომელსაც შეუძლია გააკეთოს ის, რისთვისაც უმეტესობას არც გამბედაობა ჰყოფნის და არც ფანტაზია. გიჟია ის, ვინც არ ცდილობს, თავი ნორმალურად მოაჩვენოს.
ზიგმუნდ ფროიდი გიჟს შემდეგნაირად განმარტავდა : „გიჟია მეოცნებე, რომელმაც გაიღვიძა“. მე კი ვფიქრობ, გიჟია მეოცნებე, რომელიც თავის ოცნებას რეალობად გარდაქმნის და მით უფრო გიჟია ადამიანი, რაც უფრო მეტად განსხვავდება მისი ოცნებები სხვათა ოცნებისაგან. 
რაზე ოცნებობენ ადამიანები? რა არის მათი მიზანი? ამქვეყნიურ სურვილთა დაკმაყოფილების გარდა მიაჩნიათ კი რაიმე ჩვეულებრივად, ნორმალურად? არავინ ჩაგთვლის შეშლილად, თუ წარმატებულ კარიერასა და სოციუმში თავის დამკვიდრებაზე ოცნებობ, არც  დიდი ოჯახის შესახებ ნატვრა ითვლება არაადეკვატურად, არც ფუფუნების წყურვილი. 
ადამიანები  მიწის ხალხია. ყველაფერი, რაც მიწის საზღვრებს სცდება, მათთვის მიუღებელია და სიგიჟესთან ასოცირდება. ხშირად ავიწყდებათ, რომ სულიც გვაქვს, გულიც და ეს ცხოვრება ყველასათვის კმაყოფილების შეგრძნებისათვის ბრძოლა არ არის. არსებობს უფრო დიდი ინტერესებიც, ვიდრე მატერიალური კეთილდღეობაა. მაგალითად, სამართლიანობისათვის ბრძოლა, სხვათა ბედნიერებაზე ზრუნვა, სიკეთის რწმენა, უანგაროდ ცხოვრება, სიყვარულის გაღვივება საკუთარ თავსა და გარშემომყოფებში, გასხივოსნება, სულიერი სიფხიზლე. ზოგიერთი ამას რელიგიას უწოდებს, ზოგიც კი უბრალოდ შინაგანი პოტენციალის განვითარებაზე ორიენტირებას. 
ლიტერატურაშიც კი, სადაც ყველაფერი ისეა, როგორც სინამდვილეში აჯობებდა, რომ ყოფილიყო, გიჟად ნათლავენ ადამიანს, რომელსაც სხვათა განსხვავებით მგრძნობიარე გული და მეტი ემპათია გააჩნია. ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივში“ ცალკე თავიც კი აქვს ამას მიძღვნილი სახელწოდებით „გიჟია თუ რა?!“. ეს თავი იმ ამბავზეა, რომელშიც ერთი ადამიანი ცხოველს მეორე ადამიანისგან იცავს. უანგარო სიკეთე ძნელი გასაგები გახდა საზოგადოებისთვის. 
გამოდის, რომ სიყვარული, ლმობიერება, გრძნობაგანვითარებული და ემოციებს აყოლილი ინდივიდია გიჟი. მაშინ იმ ადამიანებს რაღა ეწოდებათ, ვისაც ერთხელ არ გადაუხვევიათ მოსაწყენი ყოველდღი��რობისგან, დაივიწყეს თავიანთი ოცნებები და ისიც, რომ ადამიანური შესაძლებლობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რას მოიპოვებენ ამ ცხოვრებაში. ყველაფერი რასაც სხეული იძენს, სხეულთან ერთად ქრება. 
რომელი უფრო გიჟია? ვინც დროებითობას ასე ჩასჭიდებია და ერთადერთ საყრდენად გაუხდია თუ ის, ვისაც არც მყარი ნიადაგი სჭირდება იმისათვის, რომ თავი დაცულად იგრძნოს და არც რაიმეზე ჩაბღაუჭება. 
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოთქმაა -  „გიჟი თავისუფალია“.  ალბათ არცერთი სხვა გამონათქვამი არ ასახავს ამ სიტყვის დეფინიციას ასე ზუსტად. უპირველეს ყოვლისა, თავისუფლების მოსაპოვებლად  საკუთარი თავის დამარცხება და დამორჩილებაა საჭირო. თუ გიჟს შეუძლია თავისუფალი იყოს, ე.ი. მას საზღვრები არ აქვს, მართავს საკუთარ თავს და, შესაბამისად, მთელ სამყაროსაც. 
ჩვენ ბავშვობიდანვე გვაქვს საკუთარი ოცნებები, მოწოდებები, ნატვრები. შემდეგ ვიზრდებით და თუ ისინი სოციუმისაგან დამკვიდრებულ ნორმას ეწინააღმდეგება, გვირჩევნია ჩვენი შინაგანი სამყაროს ნაწილი დავთმოთ, ფრთები არ გავშალოთ, გასაქანი არ მივცეთ პოტენციალს, ვიდრე გიჟად შეგვრაცხონ და დავკარგოთ კოლექტიურობის განცდა. 
რატომ გვეადვილება ასე საკუთარი თავის დათმობა? რატომ გვეშინია ფრენის, მაგრამ არა ფრთების დაჟანგების? თითოეული არა, რომელიც ჩვენსავე ოცნებას ვუთხარით უფრო მძიმე და მტკივნეულია, ვიდრე ის მარცხი, რომელიც შესაძლოა ამ ნატვრის გზაზე ვიგემოთ? ვინაა გიჟი? ორი ფრინველი რომ დაგ��ნახათ, ერთი - რომელიც ფრთებს იცლის და მეორე - რომელიც ფრთებს შეძლებისდაგვარად  მაქსიმალურად შლის, რომელს ჩათვლიდით გიჟად? მას, რომელმაც მიწაზე სიარული არჩია, რადგან ასე უფრო უსაფრთხოა, თუ მას ვინც, მწვერვალებისკენ აიღო გეზი?! რატომ გვგონია, რომ ჩვენ განსაზღვრული შესაძლებლობები გვაქვს? რატომ გვგონია, რომ ფრენა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვის მხრებსაც  დიდი ბუმბულები დაჰყვა  დაბადებიდან? 
ყველაფერი ჩვენს გონებაშია. ჩვენი საზღვრებიცა და უსაზღვრობაც, ჩვენი ლიმიტიცა და ულიმიტობაც ჩვენზეა დამოკიდებული.  იქნებ ეს ფრთებიც სხვა  არაფერია  თუ  არა ჩვენი სული, რომელიც უნდა მოვიპოვოთ.  იქნებ  ყველას არც  კი გაგვაჩნია იგი და  ჩვენი ცხოვრებისეული  დანიშნულებაც ისაა, რომ  ეს  „ფრთები“ მოვიპოვოთ. 
ვინაა  გიჟი?  
უფრო  სწორედ,  ვის შეუძლია იყოს გიჟი - ვის  შეუძლია  იყოს  საკუთარი  თავი?!
0 notes
bilingva-blog · 1 month ago
Text
რატომ არ ვცხოვრობთ ისე, როგორც გვსურს?
“Everything you want is on the other side of fear”-
Jack Canfield.
არასდროს გქონიათ ისეთი შეგრძნება, თითქოს ცოტას ცხოვრობთ?
არასდროს გიფიქრიათ, რომ სწორედ შიში გვიშლის ამაში ხელს?
რა არის შიში? რისი გეშინიათ იმდენად, რომ მზად ხართ, უარი თქვათ თქვენს სურვილებზე, თქვენი თავის გამოხატვაზე, ოღონდ კი ეს შიში რეალობად არ იქცეს? საიდან მოდის, როგორ ან როდის ჩნდება ჩვენში ფობიები, რომლებიც ჩვენს მთელ ყოფას მართავს და ხელს გვიშლის ვიცხოვროთ ისე, როგორც გვსურს?
შიში დახუჭული თვალებია. ყველაზე მეტად იმის გვეშინია, რაც ახალია, რაც ჯერ არ გამოგვიცდია, თუმცა მრავალჯერ ნაგრძნობსაც შესაძლოა თან ახლდეს არგამეორების შიში. ჩვენ ყველას ჩვენებური წარმოდგენა გვაქვს სამყაროზე, საკუთარ თავებზე, ჩვენს გარშემომყოფებზე. ბრმად მივყვებით ცხოვრებას და ამას ზოგიერთი ბედს უწოდებს, ზოგიერთი ღვთის ნებას, ზოგიც - იღბალს ან უიღბლობას და ასე შემდეგ.
მე კი ვფიქრობ, საკუთარი ადგილის მოსაძებნად მხოლოდ თვალის გახელაა საკმარისი. თავის ადგილსაც სწორედ ის პოულობს, ვისაც მეტი გამბედაობა აქვს.
მაინც რა გვსურს ცხოვრებისგან? ან ცხოვრებას რა სურს ჩვენგან?
ჟან-პოლ სარტრი ამბობდა, რომ ჩვენი არსი ჩვენსავე გადაწყვეტილებებსა და არჩევანშია.  ჩვენ ვწვეტთ და ვაკეთებთ არჩევანს თუ არჩევანი გვწყვეტს ჩვენ?
ადამიანთა უმეტესობა მარტივ გზას ეძებს. მორჩილად ეთანხმება იმას, რასაც გარემოება და სხვა ინდივიდები შესთავაზებენ. არავის სურს გარიყული და მიუღებელი დარჩეს. თითოეულ ჩვენგაშია რწმენა იმისა, რომ დანარჩენებზე უკეთესი, შესამჩნევი, პატივსაცემი, ნიჭიერი თუ ჭკვიანი ვართ. ყველას გვინდა, რამით გამორჩეული იყოს ჩვენი არსებობა, დასამახსოვრებელი.
ჟან-ლუკ გოდარმა ადამიანთა ეს მისწრაფება თავის ფილმში („უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“) ორ მარტივ წინადადებაში გამოხატა:
„ - რა არის შენი ყველაზე დიდი მიზანი?
-გავხდე უკვდავი და შემდეგ მოვკვდე“.
უკვდავების გზა კი ყველასათვის სხვადასხვა მიმართულებით მიდის. სად ან რაზე გადის ამ მიზნამდე მისასვლელი გზა?
ისტორიას თუ გადავხედავთ, დროს ისინი გადაურჩნენ, ვინც გულს დაუჯერა. ვან გოგს რომ გარემოებებისა და საზოგადოებისათვის მოესმინა, რა დარჩებოდა მისგან?
ალბათ თავს როდესაც იკლავდა, ფიქრობდა, რომ ჩვეულებრივი არშემდგარი ადამიანი იყო. სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენგანი თითქოს არასწორ დროს იბადება. თითქოს მომავლის ადამიანია და მხოლოდ წლების ან საუკუნის შემდეგ დაიკავებენ ხოლმე იმ ადგილს, რაც ყოველთვის ეკუთვნოდათ.
და მაინც რატომ არ ვცხოვრობთ ისე, როგორც გვსურს? იქნებ იმიტომ, რომ რამდენი სულიერიცაა, იმდენივე სასურველი ცხოვრების გზა არსებობს. იქნებ იმიტომაც, რომ გარშემო უფრო ვიხედებით, ვიდრე საკუთარ თავში? ვუყურებთ გარშემომყოფებს ან თანამედროვე ეპოქაზე დაკვირვებით ვცდილობთ, გავხდეთ მისაღები, სასურველი, არ დავიკარგოთ და რაც შეიძლება სწრაფად ვიპოვოთ ჩვენი ადგილი ამ გაურკვევლობასა და აურზაურში. სიმართლე კი ისაა, რომ შესაძლოა დღეს არც იყოს ჩვენი ნიშა თავისუფალი, შესაძლოა არც რამდენიმე წლის შემდეგ. შესაძლოა, მოვახერხოთ და გამოვხატოთ კიდეც, მაგრამ მაინც ვერ ვიპოვოთ ჩვენთვის განკუთვნილი სივრცე სამყაროში. იქნებ სწორედ ამიტომაც ვირჩევთ ათასგზის არჩეულ და ნაცად გზას და ვხდებით ისინი, ვინც თანამედროვე საზოგადოებამ თუ დროებამ მოგვთხოვა, რომ ვყოფილიყავით. ვქმნით ისეთ ჩვენს თავს, რომელსაც რაღაც განსაზღვრული შემოსავალი, სოციალური სტატუსი და მდგომარეობა ექნება. მომავალზე უფრო მეტს ვფიქრობთ, ვიდრე აწმყოზე. მომავალი უფრო გვადარდებს და ათასჯერ გატკეპნილ ბილიკს, მაგრამ ნაცნობს ვირჩევთ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენს შიშებს პირისპირ დავუდგეთ და თვალებში ჩავხედოთ.
მაგრამ არის კი ეს ის, რაც ნამდვილად გვსურს? თუ უბრალო კომფორტის ზონა, რომელსაც ბრძოლა არ სჭირდება?
ყველანი რომ დღეში თუნდაც ხუთი წუთით ვკვდებოდეთ, გაცოცხლებულები ისევ იმავე ცხოვრებას ავირჩევდით? ან წარმოიდგინეთ, რომ მოკვდით და შემდეგ გაცოცხლდით, რათა მეორე შანსი გქონოდათ. წარმოიდგინეთ? სიკვდილის უფრო შეგეშინდათ თუ იმის, რომ ვერ იცხოვრეთ, სანამ მოკვდებოდით?  
იქნებ, რაც ამ წარმოსახვითი სიკვდილისა და კიდევ უფრო წარმოსახვითი გაცოცხლების შემდეგ აზრს იძენს ჩვენთვის, სწორედ ის ვართ ჩვენც და ისეთია ჩვენთვის სასურველი ცხოვრებაც?
0 notes
bilingva-blog · 1 month ago
Text
გჯერა სასწაულების?
სასწაულის თუ არ გჯერა, შენი ბრალია თუ სასწაულის? 
ზოგს დასაჯერებლად გული სჭირდება, ზოგს - თვალები. პატარა უფლისწული ამბობდა: "ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ცხოვრებაში არც თვალით და არც შეხებით იგრძნობა, არამედ მხოლოდ გულით". 
ყველაზე დიდი სისულელე ალბათ სწორედ ისაა, რომ სასწაულში აუცილებლად იმას გულისხმობენ, რაც იშვიათად ან საერთოდ არ ხდება ზოგჯერ. ადამიანებს კი იმის უფრო გვჯერა ხოლმე, რასაც დიდხანს ველოდებით, ვიდრე იმის, რაც უკვე ჩვენთანაა. 
შეიძლება კი სასწაული სასწაულად აღარ ჩაითვალოს მხოლოდ იმიტომ, რომ მას ყოველდღე ხედავ?
0 notes
bilingva-blog · 1 month ago
Text
ცხოვრებისეული
მზიანი დღე იყო, სიარულის დროს ცეკვას რომ მოგანდომებს და ყველაფერი რომ გახარებს, ისეთი. ცას ავხედე, ამ საოცარი მზისთვის მინდოდა სახე მიმეშვირა და ფეკალიებში ჩავდგი ფეხი.
მორალი: მეოცნებეები ხშირად ნეხვში ეფლობიან. 
0 notes
bilingva-blog · 1 month ago
Text
რა მნიშვნელობა აქვს სიცოცხლეს, თუ შორს ვართ იმისგან, რაც გვიყვარს?
ცხოვრება იმის გარეშე, რაც გვიყვარს, იგივეა, რაც სიარული დანიშნულების ადგილის გარეშე, სიმღერა მსმენელის გარეშე, ფიქრი ქმედების გარეშე, სიყვარული საპასუხო გრძნობის გარეშე. ყველაფერი ცალმხრივი ცარიელ მოგონებად იქცევა ბოლოს. 
რატომ ვცხოვრობთ ცხოვრების გარეშე? 
0 notes
bilingva-blog · 1 month ago
Text
ბევრი სიტყვა ჩვენში სხვისია
დაბადებიდან გვესმის ხმები, რომლებიც ჩვენს თავზე გვიყვება. ჯერ არ ვიცით, ვინ ვართ და ადვილად ვიჯერებთ, როდესა�� გვეუბნებიან - დედები, მამები, და-ძმები, მეგობრები, ბებია-ბ��ბუები, ნათესავები, მასწავლებლები. კარგი ნიშანი თუ მიიღე - ჭკვიანი ხარ, მშობლებს თუ დაუჯერე - კარგი შვილი, უცხოს თუ დაეხმარე - კარგად აღზრდილი და უბრალოდ კეთილი ადამიანი. 
წარსული ხდება ამბავი, რომელსაც ვუყვებით ჩვენს თავს, რათა წარმოდგენა გვქონდეს - ვინ ვართ. ერთ დღეს, როცა რაიმე უცხო მოხდება და არცერთ ძველ გამოცდილებას არ ჰგავს ახალი, შენი ხმის მიხედვით იქცევი. მერე ხვდები, რომ რაც ამ დრომდე შენში გესმოდა, სულაც არ იყო შენი ხმა. მხოლოდ ახლაღა, როცა არავინ გყავდა, ვინც გეტყოდა როგორ იქცევიან შენნაირი ადამიანები, პირველად გაიგე შინაგანი ამოძახილი. 
და პასუხიც კითხვაზე - ვინ ვართ ჩვენ, როდესაც ვამბობთ, რომ საკუთარ თავს არ ვგავდით რომელიღაც მოცემულ მომენტში? 
ამ დროს ვართ სწორედ ნამდვილად ჩვენ. სხვების სიჩუმეში შენივე თავის ექომ ამოგძახა და ვეღარ გაარჩიე, ვისი ხმა იყო, რადგან მანამდე არც მოგისმენია. არ იცოდი, როგორი ტონი, ტემბრი ან ფიქრი ჰქონდა შენს ხმას. 
ისეც მოხდება ხოლმე, შენი ხმა ქურდად იქცევა - თითქოს გამოცდაზე, რომლისთვისაც არავის მოუმზადებიხარ, გადაწერა მოინდომე. უფრო მარტივია და ფიქრობ, სხვებმა შენზე მეტი იციან. გავიწყდება, რომ ეს გამოცდა მხოლოდ შენთვისაა მომზადებული და ერთადერთი სწორი პასუხიც მხოლოდ შენი პასუხია. 
შეგიძლია მოუსმინო შენს ხმას?
0 notes