Don't wanna be here? Send us removal request.
Text
სტუმარ-მასპინძელი
ვაკვირდები ჩემი მამამთილისა და ქმრის (მანამდე დედამთილისაც, სანამ გარდაიცვლებოდა) ურთიერთობას. შვილს მათთვის ნებისმიერი რამის თქმა შეუძლია, კამათი, თხოვნა, მოთხოვნაც კი და, რაც მთავარია, განსხვავებული აზრის ქონის უფლება აქვს. არც შანტაჟს უწყებენ და არც შერცხვენას. თან, 25 წელია, ცოლ-ქმარი ვართ და მათ ოჯახშ�� შესვლის დღიდან ამბობენ ხოლმე, რომ ყველაფერი ჩვენია, და შეგვიძლია, მათი თანდასწრებითაც, განვკარგოთ.
ჩემს ოჯახში, რაც თავი მახსოვს, ასე 3 წლიდან, ჯერ დღეში ალბათ ათჯერ მაინც, თუ ასჯერ არა, ისმოდა "შენი ისაა, რაც შეშჭამე!" (ანუ, სხვა არაფერი არაა შენიო). ნებისემიერი რამ, გამვლელსაც რომ მოსწონებოდა ჩემი, ცხვირწინ აუცლიათ და ჩემსავე დასანახავად გაუტანებიათ. აბა, ხმა ამოგეღო! წლები დაცინვა მიდიოდა მაგაზე. რამდენიმე წლის წინ კი დედაჩემმა გამომიცხადა, აქ სტუმრად მოდიხარ, აქ ყველაფერი ჩემიაო.
სიმართლე რომ ვთქვა, შინ ჩემი ქმრის ოჯახში ვგრძნობ თავს, საკუთარ ოჯახში კი -- სტუმრადაც არა, უფრო მათხოვრად, რომელსაც მასპინძელი ნებისმიერ მომენტში წიხლისკვრითა და გინებით გააგდებს, თუ რამ არ მოეწონება.
0 notes
Text
როცა დედობრივ და მამობრივ ინსტინქტებს სძინავთ
წეღან საქსოვ და საკერავ ნიმუშებს ვათვალიერებდი. ფაილად ჩამოსატვირთი ინსტრუქციებია, რომელიმე ნიმუში როგორ უნდა მოქსოვო ან შეკერო. ბავშვებისთვის ვეძებდი მათი საყვარელი ცხოველის შემცველ რაიმე საოჯახო ნივთს, რომელსაც გამოიყენებენ. და თვალიერებისას, ჩამონათვალში, ფოტოებში იყო სკამზე დასაფენი, რბილად რომ დაჯდე.
ამან გადამისროლა წამიერად ბავშვობაში, როდესაც ხის მაგარ სკამებზე ბაღის უჟმურ მასწავლებლებს რომ არ დავესვით (რომელთაც მოფერების მაქს��მუმი ლოყის მოგლეჯვა ჰქონდათ ჩვენთვის, უჟმური დამოკიდებულების მაქსიმუმად კი ტრაკზე მწარედ მორტყმა, თმის მოწიწკვნა და ღრიალი), ჯგუფის მშობლებმა მოიფიქრეს, შეეკერათ სკამების გადასაკრავი და ფულის შეგროვება დაიწყეს. ამაზე დედაჩემმა ისეთი პროტესტი გამოთქვა, დასცინა ყველას, გაარჩია თავის მომხრე ნათესავებში, გაკიცხა ყველა მშობლის განათლებისა და განვითარების დონე, დაიწუნა ყველა და ყველაფერი და დემონსტრატიულად დარჩა სიის გარეთ. ანუ ჩვენი ჯგუფელებიდან რომ ყველა რბილად იჯდა საათობით ამ ხის სკამებზე (მასწავლებლებს ჩვენი ზურგსუკანხელებგადაკვანძული ჯდომა უფრო ეადვილებოდათ), დედაჩვენმა გაგვამწესა კუდუსუნის ძვლების გასამრუდებლად.
ნახევარ საუკუნეს მივაღწიე და დღემდე ცინიკური შენიშვნებითა და დაცინვით, და რაღაც უაზრო ფინანსური სქემის დაბრალებით იხსენებს, როგორ თუ მისი შვილებისთვის სკამზე რბილი დასაჯდომის გადაკვრა მოუნდათ სხვა მშობლებს. და დღემდე მეც იმ მშობლების გონებრივ განვითარებაში ვეჭვდებოდი. მშობლის მიერ დაზომბირება ჰქვია ამას, სხვა კი არაფერი.
და ამ საყვარელმა ფოტომ გამახსენა, მე თავად ჩემი შვილებისთვის როგორ ვცდილობდი ხოლმე, არა მხოლოდ შინაარსით, არამედ ფორმითაც კომფორტული გამეხადა მათი ცხოვრება. და მივხვდი, რომ სკამის გამო კი არა მხოლოდ, არამედ არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, დედაჩვენს სიყვარულით და ჩვენი თვალით შეეხედა ჩვენთვის საჭირო რამეებისთვის. ყველაფერი რაციონალიზებული იყო. გრძნობას, სითბოსა და სიყვარულს კი ჩვენთან არაფერი ესაქმებოდა. მის ანგარიშს მამაჩვენის ლოთობა და ჩვენდამი სიცივეც ერთვოდა. ხელის განმძრევი არ ყოფილა, გინდა და გაუკეთეო, მიაძახებდა ხოლმე. ანუ მე ნუ მიგულისხმებო.
და ეს სიცივე, ანგარიში და ყველას და ყველაფრის დაცინვა, ვინც კი ბავშვებისთვის გულით რაიმეს აკეთებდა, მაფიქრებინებს, რომ არცერთს მშობლური ინსტინქტი არ ჩართვია არასოდეს. იყვნენ და ითვლიდნენ, ახლა კი, როცა უკვე ვიცით, რომ აყვანილი ვართ, იმასაც ამბობენ, სხვები იმიტომ აკეთებენ რამეს, რომ თავად გააჩინესო? რა, მე ნაკლებად მიყვარს შვილი, თუკი საშოდან არ გამომიგდიაო?
ფინანსურად რომ გაითვალო და დაგეგმო ცხოვრება, რა დანაშაულია? ვიღაცას მეტი შეუძლია, ვიღაცას ნაკლები და არაა გასაკვირი, რომელიმემ შვილის ხის სკამზე დასაფენის შესაკერად ფული ვერ მონახოს (იქნებ თავად მაინც შეეკერა??). მაგრამ ამის მთელი ცხოვრების განმავლობაში დაცინვა და დადანაშაულება, როგორ თუ უკანალის ძვლები გტკიოდა, და რა ხმა ამოგეღება, როცა მთელი ცხოვრება გადადეს შენთვის, მათ დედობრივ და მამობრივ შეგრძნებებზე თუ მათ არქონაზე მაფიქრებს.
ახლა ამ ფოტოს რომ ვუყურებ, უბრალოდ, ვერ ვხვდები, შვილისთვის კომფორტის შექმნასა და მის გახარებაზე როგორ უნდა დაზოგო და თანაც ათწლეულებით ლანძღო და დასცინო, თუკი ვინმეს უფიქრია და უშრომია ამისთვის.

1 note
·
View note
Text
მონობა, რომელიც დაგეყვედრება კიდეც!
როდესაც ვკითხულობდი ხოლმე გათიშულ მშობლებსა და მათ მოზრდილ შვილებზე, ყოველთვის ვირწმუნებდი თავს, რომ მე ასე არ ვიყავი და არასდროს დამემართებოდა. მაგრამ ახლა რომ ვფიქრდები, ჩვენც გავითიშეთ. და ეს გუშინ არ დაწყებულა. ღიად ეს დაიწყო 2000-იანი წლების დასაწყისიდან, ანუ ბოლო 20 წელი მაინც. სინამდვილეში კი ჩვენ არც არასდროს ვიყავით მთლიანი.
თავი მახსოვს 3-4 წლიდან, ძალიან მკაფიო სურათები მაქვს გონებაში, სოფლისაც და ქალაქის ბინისაც და რაც მახსოვს, სხეულითა�� კი, ჩემი მშობლების ყოველთვის მეშინოდა. მათ ჩემი არაფერი მოსწონდათ, ყოველთვის დასცინოდნენ და აუფასურებდნენ. ყოველთვის სხვა ჰყავდათ უფრო საყვარელი ან საქებარი. ყოველთვის ვიღაც იყო, ვინც უკეთ გაუწევდა შვილობას. "ისაა ჩემი შვილიო!" პრეტენზიულად გვიცხადებდა დედა მე და ჩემს დას და ხაზს უსვამდა, რომ ჩვენ მის შვილებად არ ვვარგოდით. არც კი მჯერა ჩემები თუ ხართო. (არადა მართლა არ ვყოფილვართ მისი გაჩენილი და როგორ ვემსგავსდებოდით!)
ანუ ერთიანი არასდროს ვყოფილვათ, სულ მათ მხარეზე იყო ძალა და წონა და ყოველთვს დასაცინ-გასაშაყირებელ-დასაჩაგრებად ვყავდით. ახლა რომ მოუსმინო, მას მერე, რაც ბოლო წელიწადნახევარი აღარ ვეკონტაქტები, და აქეთ დაკავშირებაც ავუკრძალე, ქვეყნის უბედურად ვყავარ გამოცხადებული. არადა ეს წელიწადნახევარი ის დროა, როცა უარი ვთქვი მათი მხრიდან სამუდამო დამცირებისა და დაჩაგვრის პოზაში ყოფნაზე. მაშინ დაიქცა ქვეყანა.
არავინ კითხულობს, მანამდე რა ხდებოდა და ან მანამდე როგორ და რატომ ვითმენდით ამდენ დამცირებას და ჩაგვრას.
შვილი მხოლოდ საიმისოდ სჭირდებოდათ, თუკი რამ თავში არ მოსწონდათ ან არ აწყობდათ, ჩემზე გადმოებრალებინათ.
* * *
მკაფიოდ მახსოვს, როგორი დაბეჯითებით გვიყვებოდნენ, რაც უნდა თავი მოიკლათ, მშობლების ამაგს ვერ გადაიხდითო. ეს სკოლამდელი ამბების გახსენებაა. და მაგ ასაკში შვილს რად უნდა უტენო თავში, ან სულაც რომელიმე ასაკში, რომ ის შენს ვალს ვერასდროს გადაიხდის?!
რად გვინდოდა იმის ცოცხლად წარმოდგენა, რაც მამაჩემმა 5-6 წლის ბავშვებს, დედის თანდასწრებით წარმოგვასახვინა -- ერბოკვერცხი ხომ გიჭამიათ, წარმოიდგინეთ, ხელზე რამდენი ხანი უნდა გწვავდეს ცეცხლი ქვეშიდან, რომ ხელისგულზე მოქცეული უმი კვერცხი შეიწვასო. (თავად შეიწვა, ნეტავ, რომ ჩვენთვის დაეძალებინა ამის წარმოდგენა?)
ეს სადისტური დარიგებები როგორ მოქმედებდა ჩვენს ფსიქიკაზე, ამაზე ფიქრის დრო სად ჰქონდა! ჩემი ბავშვობის გონებიდან ამოუშლელი ფრაზაა "წყლის მიმწოდებელი". სულ ეს ისმოდა ჩემს გარშემო. კი არ მესმოდა, რას ნიშნავდა, ნუთუ წყლის დალევა თავად არ შეუძლია-მეთქი, ვფიქრობდი. რაღაც მძიმეს რომ მკიდებდნენ და გაუგებარს, თან უკითხ��ვად, და თანად დაყვედრებით, ეს შინაგნად უკვე მესმოდა...
* * *
მახსოვს მეზობელ-ნათესავების თავშეკავებული მზერა, როცა ცემით გვკლავდნენ და ამაყად ეუბნებოდნენ იმ მასას, "შვილი გაზარდე მტრულადა, გამოგადგება ძმურადაო!"
ანუ ის სხვებიც ხედავდნენ ჩვენს ტყავის გაცლას, მათაც ესმოდათ ჩვენი წვალება, ის, რა დღეშიც ვყავდით, და კაციშვილი არ გამოჩნდა იმ დალოცვილ, ლამაზ და გადასარევ საქართველოში, პატარა ბავშვების და მერე უკვე მოზარდების დასაცავად ამოეკნ���ვლა. მხოლოდ თავიანთ შვილებს უფრო უმარჯვებდნენ და ეფერებოდნენ, სხვა ბოროტი დედ-მამის დამნახველები.
ჩემი მშობლები კი იმ მომფერებელი ხალხის დაცინვა-გაკრიტიკებაში იყვნენ, ლოკონ-ლოკონ შვილები, თვალწინ რომ გაუფუჭდებიან, მაგასაც ვნახავთო.
ახლა უკვირთ, რად უხარიათ იმ შვილებს მშობლებთან ურთიერთობა და შვილიშვილების გაგზავნაც. სითბო ახსოვთ და სიყვარული ბავშვობაში. უსამართლობისგან დაცვა ახსოვთ მშობლებისგან და ნ��ობა აქვთ მშობლების.
როცა შიშობ, მთელმა ქვეყანამ არ გაიგოს, რომ შვილები აყვანილი გყავს, იძულებული ხარ, შვილი ჩაგრო, ან დაუშალო თავი დაიცვას სხვასთან, ემანდ ვინმემ რაიმე არ წამოგაძახოს შენ ან მას. და ყველანაირად აბრკოლებ შვილს, აზიხარ შენს საიდუმლოს.
არც სითბო მახსოვს და არც სამართალი. და ეს ხალხი ბოლო წელიწადნახევარში ჩემს გაუცხოებას ჩივის, ხალხი, რომელიც ჩემი ხელში ჩადებიდან მოყოლებული გასრესასა და დაჩაგვრაზე იყო. ბოლო წელიწადნახევარი ვიცავ თავს და აღარ ვაჩაგვრინებ.
გამოდის, თუ თავს ვიცავ, ცუდი ვარ. კარგი ვიქნებოდი, ისევ რომ გადაევლოთ. არის ამაში ლოგიკა. თუ თავს მივატოვებ და ისევ საჯიჯგნად გავუხდი, მხოლოდ მაშინ ვიქნები მათთვის "ასატანი". მხოლოდ ასატანი, თორემ დაცინვა და ჭორაობა ისევ გაგრძელდება.
მე არ მჯერა, რომ ადამიანი, ვინც შვილის აყვანას მალავს, იმ ბავშვისთვის საუკეთესოს ფიქრობდეს. როცა იზრდები და გჭირდება პასუხები შენს ისტორიაზე, მშობლები კი ყოფილ ციხეს კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდიან, რომ არანაირი კითხვა არ დასვა, მხოლოდ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მათ მხოლოდ თავიანთი საიდულმლოს დაცვა სურთ, შენ ვის დაჰკარგვიხარ!
მხოლოდ იმდენად გაქვს ფასი, რამდენადაც მოკეტავ და ითამაშებ მათ სპექტაკლში. სხვა მხრივ არად ღირხარ. მხოლოდ საკუთარი საიდუმლო ი��ვეს მთელი ცხოვრება, საიდუმლო, რომელიც ყველასთვის გაცხადებულია. მხოლოდ ჩვენ გვთხოვენ პასუხს, ვითამაშოთ იგივე როლი.
მე ვთვლი, რომ მე მშობლები არ მყოლია, მხოლოდ დედინაცვალი და მამინაცვალი. მყავდა ბებია, რომელსაც ვუყვარდი და დანარჩენი იყო ოსვენციმი.
მე არ მყავს არც ნათესავები. მათ მხოლოდ საკუთარი თავი იცვეს ოსვენციმის ჯალათებთან. ჩემთან რაღაცით დაკავშირებული ხალხი კი ის ხალხია, ვინც ჩემსავით იყიდეს მშვილებლებმა და საიდუმლოდ გაზარდეს, რომ საკუთარი “სეკრეტი” დაემალათ და დაეცვათ. მხოლოდ იმ ხალხს ესმის, რას ნიშნავს მონობაში გაზრდა და ყოფნა. მონობაში, რომელიც არ აგირჩევია, თავს მოგახვიეს და თანაც გაყვედრიან.

1 note
·
View note
Text
ჩემი კოშმარი
ჩემი ყველა კოშმარი საქართველოდან გაქცევაზეა.
დღეს ძალით გავიღვიძე, რომ არ გაგრძელებულიყო საშინელი სიზმარი.
თითქოს 31-ე ქარხნის უბნიდან (სადაც დედაჩემმა გაგვაჩინა და სადაც 45 წლისა ვიყავი სტუმრად ერთ ნაცნობთან და მხოლოდ წლების მერე გავიაზრე, რომ ის უბანი იყო) ვუცდი ტრავმაის, ან ავტობუსს, რომ ცენტრში მოვხვდე.
გამოვყავარ გაჭედილ ავტობუსს. მგზავრობისას უსიამოვნო ხალხი მხვდება. გზაში ჩხუბობენ, ზოგი მაკვირდება დაჟინებით. როგორც იქნა, ჩავდივარ და ვხვდები ზემელზე და ფეხით ვიწყებ მოძრაობას.
ერთ-ერთი მაღაზიის წინ დგანან ამერიკელი კონტროლიორები და ამოწმებენ საბუთებს. არადა ჩემი პასპორტი უკვე ჩაბარებული მაქვს იმ ჯგუფის ხელმძღვანელთან, რომელმაც უნდა გაგვიყვანოს ქვეყნიდან. ვუხსნი ამ ქალს, საბუთი სადაცაა. როგო���ც იქნა, ვთანხმდებით, დავრეკო შტატების საელჩოში და დაუდასტურონ ჩემს საბუთზე, რომ იციან.
მაკავშირებენ ელჩთან და ისიც უხსნის ამ კონტროლიორს ჩემი პასპორტის ამბავს. ყველაფერი გაირკვა, შემიძლია წავიდე ძველი უბნისკენ, მაგრამ ახლა აღმოვაჩინე, რომ ამ დავიდარაბაში ლეპტოპის ჩანთა დამიტოვებია იქვე და უკვე გაპუტულია მთელი შიგნეულობით. კომპიუტერს ვიღაც მიარბენინებს, გაწევ-გამოწევა აქვთ ჩანთის განყოფილებების. ბოლომდე ჩაუხსნიათ ზიპი და ლამის გაგლიჯონ, რომ თითო განყოფილების რამე მაინც შერჩეთ.
იქვე მხვდებიან ჩემი მეგობრები, კახელი დები, და მამშვიდებენ, პასპორტი მაინც ხომ ჩაბარებული გაქვს, დაივიწყე ლეპტოპი და წადიო. არადა მთელი ნამუშევარი იქ მაქვს. იმ ველურებს მაინც არ დასჭირდებათ...
აი, ამ მომენტში ძალით გავწყვიტე ძილი. რა აზრი ჰქონდა, უარესად უნდა დავტანჯულიყავი.
და გაქცევის რამდენი ვარიანტი მაქვს ნანახი, არ ვიცი. ალბათ ათასობით. და რამდენიმე ათეული სიუჟეტი დაითვლება სხვადასხვანაირად წარმართული.
ვფხიზლდები და გულს ვისინჯავ, თავს ვეუბნები, რომ უკვე სხვაგან ვარ, დიდი ხანია, რომ ყველაფერი მორჩა, დარჩა იქ. რომ ვეღარ მავნებენ.
* * *
და ვრთავ მობილურს, სადაც პირველივე ფოტო, რაც ჩნდება, არის რაღაც რეპროდუქციის. ახალგაღვიძებულზე ამოხტა და უცებ გამზრდელი დამიდგა თვალწინ, პატარებს როგორ გვიმტკიცებდა, კიო, შვილები დასახოცად უნდა გაუშვათო, აბა რად გაზრდითო.
ქალს მისიები ჰქონდა ჩვენზე -- თავის გაზრდილს როგორ მოახმარდა ქვეყანას. ცხრა ძმა ხერხეულიძეზე გვიყვებოდა, ყველა რომ დაეცა ბრძოლაში და დედამ რომ გადაიბარა დროშა. თავი იმ დედად წარმოედგინა ალბათ.
ჩვენ ვტიროდით, ალბათ სკოლაშიც არ ვიყავით ჯერ. ვტიროდით და ვეხვეწებოდით, გაჩერებულიყო. არ ჩერდებოდა. მერე გადადიოდა იმაზე, როგორ ყრიდნენ ინვალიდ ბავშვებს კლდიდან სპარტანელები. თან ჩვენ დაბრეცილებს გვეძახდა (მაღლები ვიყავით და მოხრილი ვისხედით მაგიდასთან). აგრძელებდა იმით, როგორ გადაუყარა სათითაოდ თავისი ღინღლიანი ბარტყები დედა ჩიტმა მელას.
ფიზიკური დასჯები არ მესიზმრება, მხოლოდ ის ფსიქოლოგიური წამება არ მთავრდება, რაც იმ სახლში დავტოვე.
1 note
·
View note
Text
ყოველდღიურობის აუტანლობა თუ სიმსუბუქე?
წეღან ჩემმა უმცროსმა შვილმა მოამზადა პასტის სოუსი. ადრე უყურებია და სცადა, მერე კიდევ, და ახლა უკვე მესამედაც გააკეთა.
როცა ამზადებდა, ვუყურებდი, ყველი როგორ ჩაჭყლიტა და აურია. ჩვენც მოგვიმზადებია სხვა რეცეპტები ყველით და ჩამდნარი მარილს ჰკარგავს თითქოს, ერევა შეჭამანდს. და გავიფიქრე, ყველს ცალკე ამოვიღებ, რომ ვისაც ენდომება, მოიჭრას-მეთქი. ჩემი გონება კი მომენტალურად გადახტა სცენაზე, ჩემი ბავშვობიდან, მოზარდობასა და მოზრდილობაშიც რომ უხვად იყო, ისეთზე, როცა მამა გაბრაზებული, შხამიანად წააძახებდა ხოლმე დედას, რას წუწურაქობ, ყველი ამოიღეო.
არადა ყველს ბებია გზავნიდა ხოლმე. თავად ძროხა არ ჰყოლია, მაგრამ ყიდულობდა და ჩემს მშობლებს უგზავნიდა. როცა ბებიას გამოგზავნილი ყველი თავდებოდა, ესენი იშვიათად ყიდულობდნენ და უცდიდნენ სოფლიდან ნაყიდ-გამოგზავნილს. თან, სულ ერთია, ბლომად ეწყო თუ აღარ, სულ ჩხუბი იყო ჩვენთან.
თან ჩხუბი იყო ყველაფერზე, მარტო ყველზე კი არა. მგონი საგნები არაფერ შუაში იყო. ვერ იტანდნენ ერთმანეთს და ერთმანეთის დაშხამვაში გაჰყავდათ წუთისოფელი. ვერ ხვდებოდნენ ან არც დაფიქრებულან, რომ ამით ჩვენც გვხოცავდნენ.
რაღაც ასაკიდან მეშინოდა მაგიდასთან დაჯდომის, რადგანაც დედაჩემი მამაჩემს შხამის ისრებს ესროდა ხოლმე, სიტყვებად, აყვედრიდა, უსწორებდა, ასე მოკბიჩე და ისე დაღეჭეო, არა გრცხვენია, რამხელა ლუკმააო, აცადე ბავშვებსო და ასე, დაუსრულებლად. ისე, რომ მრცხვენოდა, რომ მე ვჭამდი და სხვას არ აცლიდნენ. გემოს ვეღარ ვგრძნობდი ხოლმე. აღარც მშიოდა.
მამაჩემს კი, ნაცვლად იმისა, ეცადა სიდედრის გამოგზავნილისთვის, არ უფიქრია, თავად გარჯილიყო, ეყიდა და მოეტანა. ყველაფერი დედის საკეთებელი იყო და მესმის მისი გაბრაზებაც. თუმცა, როცა არ გიყვარს და არ გინდა ადამიანის გვერდით ცხოვრება, ყველსა და არასწორ დაცემინებას კი არ უნდა გამოეკიდო, უპირველესად, საკუთარ თავთან უნდა იყო მართალი: არის ეს ადამიანი შენი გულის სწორი? უყვარს მას შენი შვილები? (თავად თუ გიყვარს და სიყვარული რა გგონია, ეს კიდევ ცალკეა.) ინატრებდი შენი შვილისთვის ისეთ მეწყვილეს, როგორც ეს შენი ქმარია?
თუ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დაფიქრე��ა და ძალის დატანება მოგიწევს, რომ დადებითად უპასუხო, არ უნდა იყო ასეთი ადამიანის გვერდით. სულ ერთია, მეზობელი მანანა თუ ნათესავი ჭიჭიკო რას იტყვის, მათი ცხოვრებით აპირებ ცხოვრებას თუ შენით გსურს აზრის გამოტანა?
მე სამი წლიდან მაინც მახსოვს უკვე თავი და თუ საერთოდ უყვარდათ ერთმანეთი, სად მოასწრეს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ისე ერთმანეთის შეჯავრება იმ მოკლე დროში, არ მესმის...

1 note
·
View note
Text
არარაობად აყვანა
წეღან ქმარმა შემომთავაზა, არ გინდა, ზეითუნის ზეთი მოისხა სალათზეო, და ავტომატურად ვუპასუხე, არა-მეთქი. არადა, მინდოდა მანამდე. და გამახსენდა, როგორ ყველაფერს “არა”-თი ვპასუხობდით ხოლმე, რომ არ აფეთქებულიყო რომელიმე, ან მამა ან დედა, რაიმეზე რომ დრო დაგვეხარჯებინა.
მერე ისიც გამახსენდა, მამაჩემი რომ უცებ გარეთ დაიღრიალებდა ხოლმე ჩვენს სახელებს, “***ააა! ***ოოო!” და გაბრაზებული და უკმეხზე უკმეხი სახით რომ გვხვდებოდა ხოლმე, როცა რაღაცის გაკეთება უნდოდა და ჩვენ უნდა შეგვესრულებინა. ჩვენც გავრბოდით, ვეკითხებოდით, უკეთ რომ მოვმსახურებოდით, ვაკეთებდით და თან გვეშინოდა, შედეგზე უკმაყოფილო ხომ არ იქნებოდა რომელიმე.
ახლა რომ ვფიქრდები, იგივე გაუკეთა ერთ ზაფხულს ჩემს უმცროს შვილსაც. ანუ, მათთან რომ გვეცხოვრა, ჩემს ყველა შვილს გამოაცლიდნენ სიცოცხლის ძალას.
როგორ მინდა, არაფერი მახსოვდეს.

2 notes
·
View notes
Text
როცა შენი ადგილი არსადაა
დღეს რაღაც წიგნს ვეძებდი ქართულ სამზარეულოზე, ამაზონის ჩემს ანგარიშში, წლების წინ ნაყიდს, და წლების მიხედვით დალაგებულ ჩამონათვალში ვნახე, რომ შვილად აყვანასა და ნაშვილებად ყოფნაზე, ასევე თერაპიაზე წიგნების ყიდვა 2014 წელს დამიწყია. მანამდე, 2013-ის დასაწყისისკენ მქონდა დაწყებული მკურნალობა და მერე უკვე წერაც.
გუშინ კი, 8 წლის დაგვიანებით, პირველად ვიყავი ჩემნაირი ადამიანების შეხვედრაზე, დისტანციურად. ამ ყველამ გვიან აღმოაჩინა, რომ ნაშვილები იყო. თუმცა მათ გარეშე ყველამ იცოდა ეს და ყველა უმალავდა მათ.
საინტერესო ისაა, რომ მოსმენისას (ადრე, ნაშვილებთა ნაწერების წაკითხვისასაც მსგავსი დასკვნა მქო���და გამოტანილი) მივხვდი, რომ ჩემი ამბავი ძალიან ჰგავს დასავლეთში გაზრდილი იმ ნაშვილები ხალხისას, ვინც ახლა ჩემზე 30-40 წლითაა უფროსი. ჩემი ტოლები სხვა გამოცდილებით არიან, უფრო გახსნილი იყო მათ დროს საზოგადოება.
ანუ საქართველო, სულ მცირე, 30-40 წლით ჩამორჩებოდა აღზრდის მეთოდებითა და შეხედულებებით დასავლეთს, თუ მეტით არა.
80 წლის ადამიანს ჰქონდა ზუსტად ისეთი ამბები გადახდენილი, რაც მე, 50-ისას. 45-50 წლის ადამიანებს იმ ჯგუფიდან კი ისეთი, ოდნავ შერბილებული, რასაც დღეს საქართველოს ზოგ პროგრესულ და, შესაბამისად, პროცენტულად მცირე (და არა უმეტეს) ნაწილში შეხვდები, რომ ნაშვილებიც ადამიანია და არ უნდა უმალო. ამით მას ართმევ აგენსობას, ანუ უფლებას, თავად იყოს აქტიური და გადაწყვეტილების მიმღები საკუთარ ცხოვრებაზე (მაგალითად, თავად გადაწყვიტოს, მონახოს თუ არა ბიოლოგიური ნათესავები, თავად აირჩიოს ტრავმირებული ცხოვრების მისახედად მკურნალობის ტიპი და ა.შ. არ იყოს გაურკვევლობაში, რად სჭირს ესა თუ ის გენეტიკური დაავადება, რომელიც მისი ოჯახიდან არცერთ წინაპარს არ ჰქონია. და უამრავი სხვა საკითხი, რაც უდგათ ნაშვილებ ადამიანებს საზოგადოებაში, რომელიც თვლის, რომ ეს ადამიანები მადლობელნიც უნდა იყვნენ, სანაგვეზე რომ არ აღმოჩნდნენ. თითქოს თავად საზოგადოებას არ შეეჭირვებინა მათი დედები, მიეტოვებინათ შვილი სირცხვილის თავიდან ასაცილებლად).
ვუსმენდი ამ ხალხს და თანატოლი ვერ ვნახე, რომ მას გაეგო, მე რა გავიარე. ისევ 80-85 წლისებს ვეჩეთავე ცალკე.

1 note
·
View note
Text
Shiny ჯორჯია
შვილმა მკითხა, მეგობრისთვის საჩუქრად ქართულ სამზარეულოზე წიგნი მინდა და, ხომ არ იცი, რომელი ვიყიდოო. მახსოვდა, რომ ორი გვქონდა ადრე საჩუქრად ნაყიდი -- ერთი გერმანულ და მეორე ინგლისურ ენებზე. მოვიძიე ეს ორივე ხელახლა და გერმანულს ანოტაციაში უწერია მითი, ნაქეიფარ, დაგვიანებულ ქართველებს როგორ შეხვდათ ღმერთის მიერ თავისთვის გადანახული მიწა, როცა ყველა სხვა ხალხს უკვე არჩეული ჰქონდა, მეორეს კი ისეთი საბჭოთა სულის ამსახველი დიდი სუფრების ფოტოები უდევს, უცებ შევეშვი თვალიერებას.
მერე ფიქრი გადამიხტა ელას მეგობარზე, რომელსაც ძალიან უყვარს შორიდან საქართველო და ქართული რეცეპტით მომზადებულით ერთხელ ელასაც კი გაუმასპინძლდა და მივხვდი, რომ ეს ადამიანი როცა საქართველოში ჩავა, ალბათ ჩემნაირმა ადამიანმა არ უნდა დაათვალიერებინოს ქვეყანა, რადგანაც მე ბევრი ტკივილი მაკავშირებს იქაურობასთან და, საუკეთესო მხარეების ჩვენებაში, სიმწარეებიც გამეპარება. ან ყოველთვის მხიარულად ვერ ვიქნები, განსაკუთრებით, როცა გინდა აჩვენო საუკეთესო და ამ დროს, იქვე არსებობს ისიც, რაც არაა საჩვენებელი. თითქოს ნახევარსიმართლეს უმხელ მხოლოდ. მე კი თავად ნახევარსიმართლეების შედეგი ვარ და თანაც, ჩემი გამზრდელების ოჯახის ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ვიცი, რას ნიშნავს გარედან ლამაზი და შიგნიდან უბნელესი მხარეებით ცხოვრება.
ისიც წარმომიდგა თვალწინ, დედაჩემი როგორ მოიგიჟიანებს თავს, მოიმხიარულებს, შეიძლება გადახტეს ქართული ცეკვის კაცის პარტიის შესასრულებლად, "რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!" შეძახილით და ჩვენ, შვილები, როგორ ვიდგებით აწურულ-ხმაჩაკმენდილი, ანუ როგორც ეს ყოველთვის იყო.
და გონება თავისით გადავიდა იქითკენ, როგორ არასდროს მოვწონდით დედაჩვენს, არც დეტალებში და არც ზოგადად. ყოველთვის რაღაც ��ვაკლდა, რაც ათქმევინებდა ხოლმე, ჩემი შვილები თუ ხართ, არა მგონიაო. ესეთი შვილი როგორღა მეყოლებოდაო.
ახლა კი ვიცი, რომ არც ვიყავი მისი გაჩენილი. მაშინ ეგ ნათქვამი ისე მესმოდა, რომ ვერ იჯერებდა, რომ მისი შვილი ვიყავი, ისე განვსხვავდებოდით და ვერ ვიყავით მისნაირი და მისი მოსაწონი. ვფიქრობდი, ალბათ მამაჩემს ვგავარ-მეთქი. ის კი არასდროს მოსწონდა.
მაგრამ ამ გადმოსახედიდან, სადაც დღეს ვარ, და მისი გადმოსახედიდანაც (მან მაინც ხომ იცოდა, რომ არ ვყავდით გაჩენილი), ეგ ნათქვამი იმას უდრის, მე რომ გამეჩინა, უკეთესი მეყოლებოდაო.
ერთ-ერთ წინა ჩასვლაზე დედაჩემმა კლავზე წამავლო ხელი, არ მიშვებდა და დაჟინებით მეკითხებოდა, ახლავე მითხარი, ხომ სწორი პრინციპებით გაგზარდეო. დადასტურება უნდოდა, რომ მესმოდა, რომ სწორად გამზარდა და რომ ეს მესმოდა და მადლიერიც ვიყავი.
არ ვიცი, რად დასჭირდა დაჭერა ან ასე გამოწურვა ჩემი შეხედულების. ალბათ გრძნობს, რომ არ ვარ კმაყოფილი დამოკიდებულებების, რაც ჩვენს ოჯახშია.
დღეს კი ჩემთვის სრულიად ცალსახაა, რომ როცა შვილი არ გიყვარს, რა პრინციპიც არ უნდა აირჩიო (ან ვინმე ბიძამ არ შემოგთავაზოს, დედაჩემის შემთხვევაში), ყველა მათგანი უძლური იქნება, რადგანაც ჯერ თავად შენ მართლაც უპირობოდ უნდა გიყვარდეს შვილი, რომ რომელიმე პრინციპი დამსჯელ იარაღად არ გექცეს.
ჩვენს ქვეყანაში, სადაც ასე უყვართ საუკეთესო მხარეების უცხოელთათვის დანახვება, ჯერ საკუთარ თავში არ ჩაუხედავთ და არ დაუნახავთ, როგორ ჰყავთ დახარისხებული ადამიანები. თითქოს წარსული მხოლოდ სიდიადეებით არსებობდეს. ნეტავ, რა დრო დასჭირდებათ იმის საღიარებლად, როგორ ამწარებდნენ უქორწინო ორსულ ქალებს ბავშვების მოსაცილებლად ან გასაშვილებლად, და მერე როგორ ყიდდნენ და ყიდულობდნენ ასეთი დედების ჩვილებს.
ჩვენთან ჯერ კიდევ ღრმა ძილით სძინავთ და ბედნიერნი არიან, თუკი რაღაცით მაინც იმ წარმოსახვით "უმრავლესობას" მიეკუთვნებიან, სადაც მოჩვენებითად მაინც მიღებული დაწერილ-დაუწერელი წესებიდან ყველა დაცულია.
მეც ძალიან დიდხანს მეძინა და აქ გამოვფხიზლდი. ამიტომ მიყვარს აქაურობა და იქ ჩასულს გიდობა არ უნდა მომანდო.

0 notes
Text
ასახვა
გუშინ ჩვენი სოფელი მესიზმრა. პლანეტათაშორისი რეისით ჩავფრინდი ერთი პლანეტიდან მეორეზე და საშუალედო სადგურის გავლის მერე გარეთ უკვე იქ უნდა აღმოვჩენილიყავი. მაგრამ ჯერ ფრენა იყო დამღლელი და მერე -- ამ სადგურის ერთი კარიდან მეორემდე გავლა. ათასი ტრიუკი უნდა ჩაგეტარებინა, სიმაღლიდან სასრიალოთი ან ხტომით დაშვებულიყავი ისე, რომ არაფერი დაგეზიანებინა და მხოლოდ მერე გაგიშვებდნენ გარეთ.
გავედი და მერე ღამით გასაჩერებლის ძებნა დავიწყე. ყოფილი ამბულატორიის, ახლა კი სკოლის მიდამოებში კოტეჯის თუ მთლად პაწაწინა, ხით ნაშენები სახლის ერთი ოთახი შემხვდა.
გარემო თან ჰგავდა ჩემს სოფელს და თან არა. სხვა ათასწლეული, სხვა ხალხი და სხვა სული იდგა იქ.
მსგავსი შინაარსის ადრეც დამსიზმრებია. ახლა მხოლოდ სასრიალოები იყო სიახლე.
საკუთარ სოფელში ისე ჩავდივარ, თითქოს, სხვა პლანეტა იყოს. საკუთარი გასაჩერებლის ნაცვლად სასტუმრო თუ მ��ვდება. და არავინ მიცნობს. მხოლოდ ქუჩებია ნაცნობი, გარემო.
ადამიანები მე არ მცნობენ.
ეს ძალიან ჰგავს სინამდვილეს, წლების წინ დაგეგმილს, ვერცერთი რომ ვერ ავცდით ახდენას. ასე იცის ტყუილებმა და ნახევრადსიმართლეებმა -- მხოლოდ დროში გადაწევ მოსახდენს, ყველა დამალული გამჟღავნდება.
ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. (ლუკა 12:2)

0 notes
Text
F*ck yeah!
ახლა ვიხსენებდი, რა რეაქცია ჰქონდათ ხოლმე ჩემს მშობლებს, თუკი ჩვენ წარმოვთქვამდით სიტყვას "არა" რაიმე მოთხოვნაზე პასუხად. ფაქტიურად, აკრძალული გვქონდა უარის თქმა. არც მათთვის უნდა გვეთქვა უარი რამეზე და არც მათი მეგობრების, ნათესავების, მეგობრებისა ან ვინმე ისეთისთვის, ვინც მათთვის მნიშვნელოვანი იყო.
ანუ ჩვენ მუდმივად გვწვრთინედნენ საიმისოდ, რომ რაც შეიძლება კარგად მოვმსახურებოდით სხვა ადამიანების სურვილებს, საჭიროებებს და ამასობაში საკუთარი თავი დავკარგეთ.
სულ რამდენიმე წელია, რაც მკურნალობა დავიწყე, დავფიქრდი, ვინ ვარ, რა მინდა, რა მომწონს, რა მტკივა და რას რა აზრი აქვს საერთოდ. მანამდე, ვინმეს რომც ეკითხა (უცხოს, თორემ ჩემი ოჯახის წევრებს არც აინტერესებდათ, მე -- საკუთრივ მე -- რა მინდოდა), რა მოგწონს, რომელი გირჩევნია, რა გინდაო, პირველი იმას ვკითხავდი, შენ რომელი გინდა-მეთქი და იმის მიხედვით ავირჩევდი მერე ჩემს მოსაწონებელს, რომ ვინმესთვის შემთხვევით არ დამეკლო რამე.
ძალიან მტკივა გული, რომ დედაჩემმა (დიახ, დედაჩემმა) არ დაგვიტოვა და დაგვმარტოხელეს ადამიანებმა, ვისაც ჩვენი ტკივილი არათუ სტკიოდათ, არამედ ეცინებოდათ მასზე და სხვასაც აცინვინებდნენ. ჰოდა, ხუმრობა როგორ არ გესმისო, იქითაც გადანაშაულებდნენ.
აბორტი უფრო ჰუმანურია, ვიდრე ასე ღვთის ანაბარად შვილების გადაყრა. ჩათვალეთ, რომ ბოროტს უვარდება თქვენი შვილი ხელში, და არ იფიქროთ, სიკეთეს უკეთებთ ბავშვს, მხოლოდ იმის იმედით, რომ კარგ ოჯახში მოხვდება მიტოვების მერე. თანაც, სულ რომ ანგელოზები შეხვდნენ დედობილ-მამობილად, დედასთან დაცილება მოუშუშებელი ტრავმაა, სულ რომ არ ახსოვდეს ის. სიმარტოვის ტერორგამოვლილი მიტოვებული ჩვილები მერე ასეთ დედინაცვალ-მამინაცვალთან (მშობლის თქმა ზედმე��ია) ხვდებიან და იწყება ბავშვობიდან გარემოსა და ნათესაობის დამუშავება მათი ლანძღვა-გინებით.
მალე ნახევარ საუკუნეს გავცდები და დედაჩემი ისევ იმის ძახილშია, ბევრი ვეცადე და არაფერი გამომივიდაო. არასდროს ჩვენი არაფრით კმაყოფილი არაა. მე კი დავიღალე მის მოსაწონად გახდომისთვის ბრძოლაში. აღარ მინდა მოვწონდე და უარს ვამბობ, ვიყო კარგი შვილი, რაც არ უნდა ესმოდეს "კარგში".

1 note
·
View note
Text
თან სტალინისტი, თან ოსვენციმის დამკვირვებელი
ფიზიკურ დასჯაზე ადრე გაკვრით ვახსენე. ძალიან მტკივნეული იყო დეტალების დაწერა და მაშინ შევეშვი. მტკივნეული გასახსენებელია არა იმიტომ, რომ იმ წუთას მტკიოდა სხეული, როცა მცემდნენ. დამრჩა არაფიზიკური ტრავმა მაგ ცემებიდან. შენზე უფროსი ადამიანი, რომელსაც ენდობი და გიყვარს, გამეტებით გირტყამს და სიტყვითაც გამცირებს. არ ვიცი, დედაჩემს რა ეგონა, რომ გავიზრდებოდით და დაგვავიწყდებოდა თუ რა, არ ვიცი.
ყველაზე მძიმე გასახსენებელია შემთხვევები, როცა უსამართლოდ გვსჯიდნენ. ანუ როცა არც გვისმენდნენ, ჩვენი თავი დაგვეცვა და ჩვენი თვალით დანახული თავსგადამხდარი ამბავი გვეთქვა. არც არკვევდნენ, მართლები ვიყავით თუ არა.
მახსენდება, მე, ჩემი და და ჩვენი ბიძაშვილები (და-ძმა), ვთამაშობდით მათი კორპუსის წინ ეზოში. იქ მილებით შეკრული "ბესედკა" იყო. ზედ დავცოცავდით ხოლმე. ერთი წლით უფროსი ბიძაშვილი გოგო ყოველთვის ისე იჭერდა თავს, თითქოს ძალიან უფროსი იყო და ჩვენ, როცა მოისურვებდა, მხოლოდ მაშინ გვეთამაშებოდა ხოლმე. არადა იმ დღეს გვეთამაშა, თან ძალიან კარგად და ჩვენც გახარებულები ვიყავით.
მერე ავიდა თავის ბინაში, ტუალეტში შესასვლელად. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვითხრა. და აღარც ჩამოსულა. ცოტა ხანში ჩვენ ავაკითხეთ. დედაჩვენი მათთან იყო. იღება კარი ჩვენი დარეკილი ზარის მერე და კარში დგანან დედაჩვენი და იმ ბიძაშვილების დედა. უცებ, სრულიად მოულოდნელად, ყოველგვარი შესავლისა და გაფრთხილების გარეშე, მხვდება მწარე სილა ყბაში. ჩემს დასაც. გაოგნებისგან აზრზე ვერ მოვედი. სულ მუჯლუგუნებით გაგვრეკა დედამ შინ.
აღმოჩნდა, რომ, თურმე, იმ დღეს, ბიძაშვილმა გოგომ რომ პატივი დაგვდო და გვეთამაშა, ზემოთ ასულს მოუტყუებია, უტირია და დედაჩვენისთვის უთქვამს, თქვენი ბავშვები არ მეთამაშებიან და მაწვალებენო.
დედაჩვენმა არც გაარკვია არაფერი, არც დაგველაპარაკა, დაიწყო ეგრევე სამაგალითოდ ჩვენი დასჯა, ვითომ დაჩაგრული გოგოს დედის დასანახავად. ის გოგო კი სხვა ოთახში იყო დამალული, არ გამოსულა, ისმენდა დედაჩემის მიერ ჩვენი ცემისა და ლანძღვის ხმებს.
ნორმალური აღმზრდელები ჯერ ორივე მხარის ამბავს ისმენენ, კონფლიქტისას, და მერე ბავშვის თავმოყვარეობისა და პიროვნების გათვალისწინებით, ფიზიკური მეთოდების გარეშე, პირს აღებენ და კონფლიქტის საუბრით გადაჭრას შეეცდებიან. მაგრამ ამ სტალინის ჩემისებს რა ადამიანობა უნდა მოსთხოვო.
ასეთი სამართლიანი იყო დედაჩემი სხვა დასჯების დროსაც. მისთვის უფრო ის იყო მთავარი, სხვების თვალში რამდენად მკაცრი (ანუ, მისი გაგებით, "კარგი") აღმზრდელი გამოჩნდებოდა, ვიდრე ის, რამდენად სამართლიანი იყო ჩვენთან.
როცა, რამდენიმე დღის მერე, ტირილითა და ტანჯვით მოვუყევით, რაც გადაგვხდა სინამდვილეში, გაგვაფრთხილა, არაფერი თქვათ, ჩვეულებრივად ეთამაშეთ, აქვე, ახლავე ჩაქრეს ეს ამბავიო.**
დაუჯერებელია ახლა ჩემთვისაც კი, მაგრამ არასდროს დაგვილაპარაკია ჩვენს ბიძაშვილ გოგოსთან დედაჩემისთვის უსამართლოდ ჩვენს ცემინებაზე, არ გვიკითავს, რად მოიტყუა, უმიზეზოდ რად ჩაგვაგდო ჯალათის ხელში (ისედაც ყოველ დღე ჩვენს წილ ცემას ვიღებდით ხოლმე შინ). ახლა, წლების გადმოღმა, მხოლოდ იმის თქმა შემი��ლია, რომ მოიქცა ასე, რადგანაც შეეძლო! ცდიდა საზღვრებს და, რაც გაუ��იდა, გაუვიდა. პრინციპში, მთელი ცხოვრება დედაჩემი ისე გვამდაბლებდა ყველასთან, მიკვირს, ჯოხით რად არ დაგვდევდნენ მოსაკლავად.
ოთხი ათეული წელია გასული და ის გოგო, გამომდინარე დედაჩემის ჩვენდამი დამოკიდებულებიდან, რატომღაც მოვალედ გვთვლის, ყველა კაპრიზს გავუძლოთ და ავიტანოთ. არ მიკვირს -- დედაჩემის ზურგი აქვს, თავისი მშობლების სიყვარულსა და მხარში დგომასთან ერთად, რაც ჩვენ არასდროს გვქონია.
არ მიაშვილოთ არცერთი ჩვილი იმ ადამიანებს, ვისთვისაც საკუთარი იმიჯი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შვილის განვითარება...
----------------------
** მახსენდება რამდენიმე შემთხვევა, როცა ჩვენი საქციელი არ მოეწონათ ამ გოგოს მშობლებს და არცერთი შემთხვევა არ გაუშვიათ, ჩვენთან არ დაელაპარაკათ და არ აეხსნათ, რა შეგვეშალა და როგორ უნდა გამოგვეკეთებინა სიტუაცია, ბოდიშის მოხდის ჩათვლით. მსგავსი არაფერი მახსოვს დედაჩემისგან, რომელმაც, როგორც იქნა, გაიგო, რომ ამ ბიძაშვილმა ცილი დაგვწამა. მაგრამ არათუ დაელაპარაკა და აუხსნა, ან ბოდიში მოახდევინა, რასაც მისი მშობლები გვაკეთებინებდნენ ხოლმე, არამედ, გაგვაჩუმა და ჩაფარცხა ეს უსამართლობა. ჩვენ ხომ დაგვადუმა ამით (ისედაც ‘თქვენ არაფრის ღირსი ხართო’, სულ ამას დაგვძახოდა), მაგრამ ის გოგოც მიხვდა, რომ ჩვენთან ყოველთვის გაუვიდოდა, რადგანაც ჩვენ გამო მას არასდროს მოსთხოვდნენ პასუხს.
2 notes
·
View notes
Text
რა უნდა გინდოდეს შენი შვილისგან
რაც თავი მახსოვს, დედაჩემი იმეორებდა და დღესაც იმეორებს, რომ უნდა იცოდე, რა გინდა შენი შვილისგან.
ეს არის სრულიად მაპარალიზებელი წინადადება, რაც არასდროს მესმოდა და არც ახლა მესმის.
მერე, შვილი რომ მეყოლა, მაშინ მითხრა, აი, ხომ იცი, რა გინდა შენი შვილისგანო. როგორი უნდა იყოს, რომ შენ თავი ამაყად იგრძნოო.
არც მაშინ ვიცოდი და არც ახლა ვიცი, ჩემი შვილისგან რა უნდა მინდოდეს. ვიცი, რომ არ მინდა, თავი ისე იგრძნოს, როგორც მე ვცხოვრობდი წლების განმავლობაში -- გალანძღული, შერცხვენილი, დაცინული, სხვებთან შედარებული, ნაცემი და უსიყვარულო.
თურმე, მე რომ ამაყად ვიგრძნო თავი და არ შემრცხვეს ნანულებისა და ჯემალების საზოგადოებაში, ჩემს შვილს უნდა მოვუწყო ტოტალური კონტროლი, ტერორი, სიტყვიერი და ფიზიკური ტანჯვა. მთავარია, მე ვიყო ამაყად.
წინა ჩასვლაზე დედაჩემმა მკითხა, ერთად მიმდგარი ორი ლოგინიდან რომელში იძინებო და დილით, ჩემს მხარეს, დამახვედრა ფურცელი გალექსილი ტექსტით, რომ, თურმე, უშვილოდ დაბერება ჯობია უმადურ შვილის ყოლასაო.
მე კი მგონია, რომ არც მას შეეძლო დედობის გაწევა და არც ლოთ, უჟმურ კაცს -- მამობის, არც ერთი არ იყო მზად მშობლობისთვის და არ უნდა აეყვანათ არა თუ ორი, ერთი შვილიც კი.
მაგრამ მათ ხომ სიამაყე უნდოდათ, ტყავგამძვრალ-დაცინულ-დატერორებული შვილების ხარჯზე.
1 note
·
View note
Text
უდედმამო ოჯახი
ბავშვის აღზრდასა და წყვილის ურთიერთობაზე ვკითხულობდი ამას წინათ და მაშინ დამიარა მეხის დაცემასავით, რომ ჩვენ ოჯახი, ფაქტიურად, ოჯახი არც ყოფილა. არა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიყავით ბიოლოგიური შვილები. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან არ გაგვიწევია საბოტაჟი, არ ჩაგვიშლია ოჯახი. არც მანამ, სანამ გავიგებდით, რომ აყვანილი ვიყავით და არც მას მერე.
არ ვიცი, კვერცხისა და ქათმის ამბისა არ იყოს, რომელი რომელს უსწრებდა წინ, ამიტომ ამ ორ მოვლენას ერთმანეთის თანმიმდევრობით მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ წერა და ასოების გამოყვანა წრფივი ამბავია. ერთ ასოს მეორე მოსდევს და როცა ერთ ამბავს აღვწერ, მეორე, ბუნებრივია, პირველად ��ღწერილის მომდევნოდ დაწერილი გამოვა.
სინამდვილეში კი ამ ორი მოვლენიდან მიზეზი რომელია და შედეგი რომელი, ანაც სულაც, დაუკავშირებელიც რომ იყოს, რომელი რომელს უსწრებდა, არ ვიცი და შეიძლება ვერც ვერასდროს გავიგო.
მოკლედ,
მოვლენა 1: დედაჩემს ოჯახური ერთობა სულიერ დონეზე მამაჩემთან არ ჰქონია, მისი მეწყვილე, ფაქტიურად, იყო მისი და-ძმა ბიძაშვილი, რომელთაც აბარებდა შვილების წარმატებისა თუ წარუმატებლობის ამბებს და არა მხოლოდ. ყველაფერი, რაც შეიძლება ცოლ-ქმარს შორის გაირჩეს შვილების შესახებ, ამ ორმა იცოდა, და ერეოდნენ კიდევაც ჩვენს აღზრდაში.
მოვლენა 2: მამაჩემს ღრმად ვეკიდეთ.
მახსოვს, პატარებმა ვკითხეთ კიდევაც, რატომ XXX-ს არ გაჰყევი ცოლადო (ხსენებულ კაც ბიძაშვილს). არ გვესმოდა მაგ ასაკში, რომ ნათესავთან ვერ იქორწინებდი.
თუკი ძალიან დავუკვირდები, ალბათ, ქმრისგან ოჯახის დაკიდების გამო ვერ ექნებოდა დედაჩემს სრულფასოვანი კონტაქტი შვილების შესახებ მამაჩემთან. მაგრამ ის, რომ გაიქცა და ჩვენი ყველაფერი იმ ორს აჰკიდა და ჩვენც დაგვაავადა ამ სრულიად ავადმყოფური კავშირით, მხოლოდ მამაჩემის ლოთობისა და ფეხზემკიდიაობის გამო არ უნდა ყოფილიყო.
თანაც რატომ ორი და არა მხოლოდ და ან მხოლოდ ძმა? ანაც რატომ სხვა დანარჩენი 20+ ბიძაშვილი არა? რატომ ეს ორი?
მაგ ოჯახთან აქვს ავადმყოფური ბმა. თან ეშინია მათი, თან უყვარს. და ყველაფერი მოდის მათი მამის დროიდან, როცა დედაჩემი პატარა გოგო იყო.
ძნელია სტოკჰოლმის სინდრომის მოცილება, მით უმეტეს მაშინ, როცა გირჩევნია, ყველაფერი გაწირო, შვილიან-შვილიშვილიანად, ოღონდ არ დაფიქრდე, რამხელა ტკივილი გაკავშირებს, სიყვარულთან ერთად, იმ კაცთან.

1 note
·
View note
Text
დედის დღეზე, დაგვიანებით
ეს დღე საზოგადოების მიერ დაშვებული დედების დღესასწაულია მხოლოდ.
სხვა დედებისა არა. დამალული და შეშინებული დედებისა. ეგენი ვითომ არც არსებობენ.
0 notes
Text
ძველი ამბები. ძველი ფოტოები
* * *
ძალიან მაინტერესებს ჩემი ცხოვრების დასაწყისი პერიოდი: რა პირობებში ვიყავით, სანამ მუცლად ვვითარდებოდით მე და ჩემი და; ჩვილობისას ვწოვდით თუ არა ძუძუს; როგორ ვცხოვრობდით; ვინ გვიცნობდა და გვეკონტაქტებოდა და ბევრი სხვა დეტალი.
ჩემი უფროსი შვილი ხშირად მეკითხებოდა, პატარაობისას, ახლა კი უმცროსიც ხშირად მაყოლებს, რა ხდებოდა მაშინ, როცა მათზე ვიყავი ორსულად.
მსგავს თემაზე ჩემს ოჯახში ვერ ვილაპარაკებ, რადგანაც ბიოლოგიური დედა სხვაა; ჩვენი შვილად აყვანამდელი ცხოვრების დეტალები ტაბუირებულია, მხოლოდ ნაწილობრივაა დაშვებული ამაზე ლაპარაკი. აი, როცა დედა გადაწყვეტს, მაშინ. თუ ვიკითხე რამე ან ჩამოვაგდე სიტყვა, მალევე გადადის სხვა საკითხზე საუბარი. იმიტომ არა, რომ არაფერია სათქმელი. უფრო იმიტომ, რომ უხერხულობა ახლავს ამ თემას.
* * *
სანამ მე თავად არ წავაწყდი სა��უთებს, მშობლებს თავისით არასდროს უთქვამთ, რომ გვიშვილეს და ისე გაგვზარდეს. სკოლის პერიოდიდან მოყოლებული კი დედა მოგონილი ზღაპარივით იმეორებდა, რომ ჩვენ მეფის ჩამომავლები ვართ, რომ მეფემ თუ დიდებულმა მიაბარა ჩვენი თავი მას გასაზრდელად.
ამ ზღაპარს გავურბოდი, არ მიყვარდა. ვეუბნებოდი, რომ არ მინდოდა და მაინც ჰყვებოდა. უმწეობის განცდა მქონდა ხოლმე. მეგონა, დედაჩემს ჩვენს საწვალებლად ჰქონდა მოგონილი. ჩვენთვის გულის ასაჩუქებლად და სატირებლად ჰქონდა ხოლმე ამბები მოსაყოლად ('შვლის ნუკრის ნაამბობიდან' დაწყებული მეზობელი უშვილძირო ბებიის ამბით დამთავრებული) და არც ეს მეგონა გამონაკლისი.
ერთხელ ეს ზღაპარი მაშინაც მოგვიყვა, როცა ჩვენს კართან შეკრებილმა თანატოლი გოგოების ჯგუფმა (რომლებიც სათამაშოდ ჩვენს დასაძახებლად მოვიდნენ, დედამ კი კარი არ გააღო და კართან ჩუმად უსმენდა) იქვე იჭორავა, რომ ჩვენ აყვანილები ვართ და ჩვენი მშობლები თამაშის უფლებას არ გვაძლევენ, ჩვენს სხვებთან ურთიერთობებს გაურბიან.
მახსოვს, ბავშვურად იქით ვამშვიდებდი დედას, კარგი, რა, მაგათ უგდებ ყურს-მეთქი? მინდოდა, მოემთავრებინა მეფეებსა და დიდებულებზე ზღაპარი, გოგოების ჭორაობას რომ მოაყოლა.
* * *
უნივერსიტეტის პირველ კურსზე, სოფელში ყოფნისას, შინ მარტო დარჩენილმა, ძველი კომოდის ზედა, უსახელურო და დიდი წვალებით გასაღებ უჯრაში, უსაქმობისგან მობეზრებულმა, პირველად შეჭრილი კულულისა და პირველად შეჭმული ქათმის ძვლის შესანახი გამჭვირვალე პარკის გვერდით ადრე თვალმოუკრავ თეთრ, დროისგან კრემისფრადქცეულ ქაღალდის პარკს დავადგი თვალი. დროისგან ისე გაცვეთილიყო, ერთ მხარეს ნაკერი ჰქონდა თავისით არღვეული. ამ უცნაურმა არღვეულმა ძაფმა მიბიძგა, გამეხსნა პარკი. (ეს ძაფი ბოლოს გადავაგდე, რადგან უკან ვეღარ მივადე ისე, რომ არ დამჩნეოდა, რომ ხელი ახლეს.) ხოდა შიგნით ვიპოვე ოთხად დაკეცილი ფურცლები. ანგარიშმიუცემლად გავხსენი და დავიწყე კითხვა.
საბუთები იყო. დაბადების მოწმობები. თვალი მოვკარი უცხო გვარს. სახელები და დაბადების თარიღები ჩვენი ეწერა – ჩემი და ჩემი დის. მხოლოდ გვარი იყო განსხვავებული ახლანდელი გვარისგან.
სულ თავიდან, განსხვავეული გვარის გამო, ჩვენ��ე ვერ ვიფიქრე, მაგრამ სხვა დანარჩენის დამთხვევამ მაინც იქით წამიყვანა გონებით, რომ ეს საბუთები ჩემს დასა და ჩემზე იყო. მაშინ გავიაზრე და მთელი სხეულით შევიგრძენი, რომ ნაშვილები ვიყავით.
შინ მარტო ვიყავი. ბებია მეზობლის ქელეხში ეხმარებოდა ქალებს. მე კი ეს საბუთები აღმოვაჩინე!
* * *
ორ დღეში, შინ დაბრუნებულმა, დას მოვუყევი ჩემი აღმოჩენის შესახებ (იმას კი სოფელში პირველივე მოხვედრისას დაუთვალიერებია, როგორც წლების მერე მითხრა).
მის გარდა არავისთვის არაფერი მითქვამს. ჩემთვის ვფიქრობდი, გონება მხოლოდ ამით მქონდა დაკავებული. დედის მიმართ გავცივდისავით.
დედა ისევ ისეთი იყო, როგორც ყოველთვის, რაც მახსოვს -- ყველასი და ყველაფრის მოკრიტიკე, თავისი თავის მაგალითად მომყვანი, ყველგან და ყოველთვის შეუმცდარი და უნაკლო.
მერე გავიდა დრო, ალბათ ერთ თვემდე, და გადამიარა გაუცხოვებამ. სოფლის კომოდიდანაც გაქრა ის საბუთები. დავივიწყე აღმოჩენა და გავაგრძელე ცხოვრება.
შიგადაშიგ ფაქტი მახსენდებოდა და სამშობიაროს მოძებნა მინდოდა. მერე შევეშვი. ვერ გავბედე. შემეშინდა. არ ვიცი რის. გაუცნობიერებელი შიში მქონდა.
ჩემს ჯგუფელებთან სხვათა შორის ვიკითხე, სამშობიაროში საბუთებამდე მისვლა რთულია-მეთქი? და ერთმა ჯგუფელმა ცალკე მითხრა, ვიცი, რადაც კითხულობო. ჩვენთან ერთი ახალგაზრდა თქვენი თანასოფლელი გოგო ასწავლიდა მათემატიკას და იმას აქვს თქვენზე ნათქვამი, აყვანილები არიანო.
ამის მერე ხმა აღარ დამიძრავს უნივერსიტეტში.
მთელ მეზობელ კუთხეს სცოდნია ჩვენი ოჯახის ამბავი, ჩვენს კუთხესაც, და რას და ვის უმალავდნენ ესენი, ვერ ვხვდები. გამოდის, მარტო მე და ჩემ დას გვიმალავდნენ.
საინტერესოა, როგორ წარმოედგინათ, როდის უნდა გაგვეგო. როდის უნდა გადასულიყვნენ მეფეებზე ზღაპრებიდან ნამდვილი ამბის მოყოლაზე.
* * *
ფოტო N1. ძალად შეკოწიწებული ოჯახი.
ეს ფოტო დედასა და მამას ხელმოწერის დღის ფოტოებიდანაა. ბედნიერები ჩანან. ასეთები არ მყავს მე ნანახი. რაც მახსოვს, იყო ერთმანეთის მიმართ ბრაზი, შეურაცხყოფა და უნდობლობა, ჩვენთან ერთმანეთის უპატივცემლოდ მოხსენიება.
არ ვიცი, რამ წაიყვანა ყველაფერი ასე უკუღმართად, ან როდესმე თუ დაულაპარაკიათ გულახდილად, თუ სდომიათ ურთიერთობის გადარჩენა. სხვების დასანახავად სახის შენარჩუნება იყო ყოველთვის უმაღლესი მიზანი. ��უმცა მოგვიანებით სხვებთანაც აღარ ერიდებოდნენ ერთმანეთისთვის კბენას.
ფოტო N2.
ეს მათი ქორწინების პირველ წლებში, სოფელში გადაღებული ფოტოა, თოვლში, დედაჩემის ბიძაშვილთან ერთად. ჭკვიანი, ყოჩაღი, ბოღმა და ცინიკოსი ბიძაშვილი. მისგან თანატოლივით დალაპარაკება იშვიათად მახსოვს, უფრო – ენის მოჩლექვით. დიდი ძალა დაადგა სოციალურად მაღალ საფეხურზე მდგომი ოჯახის რძლად გასახდომად და თავის დაგროვილ უარყოფით ემოციებს წარმატებით ანთხევდა ჩვენზე, როცა გარდატეხის ასაკში ვიყავით.
დედაჩემს ვერ ვპატიობ იმას, სახის შესანარჩუნებლად ჩვენ რომ გვგზავნიდა ხოლმე მასთან. თავად არ სურდა მოსაკითხად გასვლა, ნაჩხუბრებივით იყვნენ და ჩვენ გვიყენებდა, თითქოს, ყველაფერი წესრიგში იყო მათ ურთიერთობაში.
დანამუსებასავით გამოსდიოდა ხოლმე, რატომ არ გადიხართ მოსანახულებლად, არ გრცხვენიათო? -- გამოსავალს არ გვიტოვებდა ხოლმე. ფარისევლობას საზღვარი არ ჰქონდა. ტიპიური მანიპულატორი იყო.
თუ რამე არ მოგწონს და გასარკვევი გაქვს, კი ნუ სტყუი და ხმარობ შვილებს ურიერთობის შესალამაზებლად, თავად დაალაგე ურთიერთობა.
ამ ბიძაშვილის პატარა გოგოსთან გასვლა ძალიან მიყვარდა, მაგრამ იმდენად დამთრგუნავი იყო თავად მასთან ურთიერთობა, ორიენტაციას მაკარგვინებდა.
ფოტო N3.
ამ ფოტოზე დ��დაჩემი სადღაც ტყეშია, დამრეც ფერდობზე, თავის სოფელში ან მის მახლობლად. ალბათ გაზაფხულია, ან სულაც ზაფხული. ჯერ არაა გათხოვილი. მისი სტუდენტობის პერიოდშია გადაღებული.
ფოტო N4. მომღიმარი მამაჩემი.
საუკეთესო მოსწავლე იყოო, ძალიან ჭკვიანიო, ჰყვება ხოლმე დედაჩემი. უნივერსიტეტშიც კარგად დაიწყოო, მერე გადაეკიდა ბიჭებსო და სვამდა და აცდენდაო.
ეს დედაჩემის ტიპიური მსჯელობაა, როგორ აურიეს ცხოვრება სხვებმა მამაჩემს. თავად რომ სურდა დალევა, და ძალით არავინ ასხამდა პირში, ვაჟკაცობად და კაცობად რომ მიაჩნდა, ეგ ავიწყდება.
ფოტო N5.
აქ ბებო ჩანს, დედაჩემის დედა, რომელიღაც კურორტზე. არ ვიცი, რომელი წელია. ზღვისპირი მგონია.
ფოტო N6.
მგონი, აქ დედაჩემი სკოლაში მიდის, პირველი წელია. აცილებენ დედა და ძაღლი, დედამისის ძმის გაწვრთნილი.
სულ ამ ძაღლსა და მის სიჭკვიანეზე ჰყვებოდა დედაჩემი, რაც თავი მახსოვს. რა თქმა უნდა, იგულისხმება, რომ ძაღლი ბიძის გაწვრთნილი იყო.
ჩვენც პატარა გასაწვრთნელი ძაღლები ვიყავით დედაჩემისთვის.
ფოტო N7. მრავალჯერ��ახსენები კურორტი
მრავალჯერ, იმისი ხაზგასმით, თუ როგორ საჭირო იყო ჩვენი ჯანმრთელობისთვის ის კონკრეტული კურორტი, დაბრეცილი, გამოსაჯანსაღებელი, სხვაგვარად დაღუპვისათვის განწირული ბავშვებისთვის.
წლების მერე აღმოჩნდა, რომ პროცედურებს მე ტყუილად მატარებდნენ. რადგან ჩემ დას სჭირდებოდა, მეც მიმათვალეს. ტყუპებზე სტერეოტიპული აზროვნების წინააღმდეგ მებრძოლი დედა თავად სტერეოტიპულად აზროვნებდა.
ფოტო N8. ვიზრდებით.
ფოტო N9. მხიარული და ამაყი მამა
აქ ორი ფოტოა. მეორე ფოტოზე „ნაპახმელიევი“ თვალები აქვს. ექსპერტად ვარ ჩამოყალიბებული ლოთობის ფაზებისა და ნასვამობის ხარისხის გამოცნობაში.
ფოტო N10.
ფოტო ჩვენი სოფლის მდინარესთან.
ფოტო N11. მე და ჩემი და ბავშვობის საუკეთესო მეგობართან
ფოტო N12. ბებოსთან
ფოტო N13. ჩვენი სოფელი თოვლში
ფოტო N14. ქალაქში
ფოტო N15. მე
ამ პერიოდის ფოტო ჩემ დასაც აქვს გადაღებული და ძალიან ლამაზია. ყველა დროის სურათზე ფოტოგენურია. ჩემი ეს ფოტო არ მომწონდა, სულ ვმალავდი ხოლმე და მის ფოტოს ვუყურებდი, როგორც ჩემსას. ახლა კი მიყვარს. ზედ მე ვარ. ისეთი, როგორიც ვიყავი და არა შელამაზებული.
ფოტო N16.
ეს სკოლის პერიოდია. აქ უკვე მკვეთრად განვსხვავდებოდით. ვერ ვხვდები, როგორ ვერ გვარჩევდა ხალხი.
ფოტო N17, 18. მე და მამა, სტუდენტობა; ჩვენ და მამა
ფოტო N19. ტკივილისმომგვრელი სახლი (დედაჩემის ბიძაშვილთან)
ერთ ზაფხულს თითქმის ყველა ფოტო დავათვალიერე, რაც კი გვქონდა სოფელში, და დავასკანირე. ახლა კი ვერ ვპოულობ ვერცერთ დისკზე. ანუ მარტო ეს ძველი სურათები მაქვს დიგიტალიზებული, რაც ამ ნაწერში ჩავსვი.
1 note
·
View note
Text
ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები!!!
* * *
დიდი ხანია, თავს ვიჭერ დეტალებში: როცა კორპუსის კარს ვაღებ და შემოვდივარ, ფეხს ვიწმენდ დაგებულ ნოხზე. შეიძლება არც იყოს საჭირო (არ იყოს ტალახი) ან არავინ იწმენდდეს. მე მაინც გულმოდგინედ გავიწმენდ და მახსენდება ძველი ამბები, როცა დიდი ტერორი იყო ხოლმე მოწყობილი ჩვენს გარედან შინ შესვლაზე. ახლა, 40 წლის გადმოღმა გაწმენდისას, თითქოს მთელ სამყაროს ვუმტკიცებ, რომ არ ვარ ცუდი ადამიანი, რომ წესიერი ვარ და შემიწყალეთ.
* * *
ჩვენს სახლში არ შეიძლებოდა ლოგინზე ჩამოჯდომა, არც დღისით დაძინება, მკვდარიც რომ ყოფილიყავი. უნდა მჯდარიყავი სკამზე.
ვერც ივლიდი. დედამ შემოიღო ნაჭრები, რომელზეც უნდა შემდგარიყავი და გესრიალა. შემოსულ სტუმარსაც კი მასზე აყენებდა. ყველა დასრიალებდა სახლში და მონაწილეობდა იატაკის მოპრიალებაში.
არ შეიძლებოდა მეგობრების ყოლა. აი, გყავთ ბიძაშვილები და მათ ემეგობრეთო!
ჩვენ მხოლოდ ციხის ტუსაღები უნდა ვყოფილიყავით, რომლებსაც ყველაფერს დედა უსაზღვრავდა, რომ სახლს გარეთ არ გვქონოდა ვინმესთან შეხება და შემთხვევით არ გვსმენოდა ვინმესგან, რომ თურმე ჩვენ შვილად აყვანილები ვიყავით.
* * *
ბიძაშვილებსაც გააჩნდა. მხოლოდ დედა��ისის მხრიდან ბიძაშვილებს ენდობოდა, მამის მხარეს -- არა. არადა, სახლი დედაჩემის მამის სანათესაოს გარემოში ჰქონდათ და იქ გვიწევდა ყველა არდადეგების გატარება. მთელი ბავშვობა და გარდატეხის წლები გვქონდა მკაცრი აკრძალვა, არავის სახლში არ შევსულიყავით, არც ეზოში. თუ მაინცდამაინც გვინდოდა იმ ხალხის შვილებთან ურთიერთობა, ქუჩიდან გადაგვეხედა მათ ეზოში და ფეხი კი არ შეგვედგა.
* * *
ალბათ დაუჯერებელია. არც მე მჯერა, რომ გადავრჩი და სრულ ჭკუაზე დავრჩი. თუმცა, არის ეს სრულ ჭკუაზე დარჩენა? არ ვიცი...
* * *
ახლა, იმ საგიჟეთიდან ათასობით კილომეტრის გადმოღმა მცხოვრებს, იქაურობას ჩემი ზედა მეზობელი მახსენებს. ზუსტად ისე ექცევა შვილებს, როგორც ჩვენ გვექცეოდა დედა. ზუსტად ის ყვირილი და ჩხუბი ჩამოდის, რაც ჩვენთან ხდებოდა.
გამოვიქეცი და აქ დამხვდა ჩემი ბავშვობა.
გული მტკივა იმ ორ პატარა გოგოზე, ყოველ დილა დაზაფრული რომ გამოდის ზედა სართულიდან და თან ცდილობს, საკუთარ თავს დააბრალოს, რაც მათ სახლში ხდება, რომ დედა არ გამოჩნდეს ცუდი.

0 notes