Tumgik
netrunner-84 · 5 years
Text
Game of Thrones s8e6 - შთაბეჭდილებები
Tumblr media
„სამეფო კარის თამაშები“ დასრულდა. სატელევიზიო მოვლენა, რომელიც ათობით მილიონ ადამიანს აერთიანებდა, წარსულს ჩაბარდა. იგივე მნიშვნელობის და პოპულარობის მქონე სერიალს, დიდი ალბათობით, შემდეგი ათწლეული ვერ ვიხილავთ. თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, ჯორჯ რ.რ. მარტინის წიგნების ადაპტაციამ იგივე გააკეთა ფენტეზის ჟანრისთვის სატელევიზიო მედიუმში, რაც ჯონ რ.რ. ტოლკინის ტრილოგიის ადაპტაციამ ქნა ფენტეზისთვის დიდ ეკრანზე. საეჭვოა რომ იმ იმედგაცრუებამ რომელიც ბოლო სეზონს, კონკრეტულად კი ბოლო რამდენიმე ეპიზოდს, მოყვა შოუს მემკვიდრეობას ჩრდილი მიაყენოს.
მეხუთე ეპიზოდის მიმოხილვაში ვცდილობდი გამერკვია რომელმა ფაქტორმა ითამაშა გადამწყევტი როლი მაყურებლის უარყოფითი შეფასების ჩამოყალიბებაში. იყო ეს ხანგრძლივი იმედგაცრუების ლოგიკური დასასრული თუ კონკრეტული ქმედებებით გაღიზიანება. ცალსახა პასუხი არც ახლა მაქვს. ყველაზე მარტივი რა თქმა უნდა ყველაფრის სცენარისტებისთვის დაბრალება იქნებოდა. ის, რომ სერიალი სცენარი უკვე დიდი ხანია მოიკოჭლებდა რეალობაა, რომლის ობიექტურობასთან შეჭიდება შოუს ყველაზე თავდადებულ თაყვანისმცემელსაც გაუჭირდება. 8 სეზონის განმავლობაში, შოუს სცენარისტების მთავარი საქმე წიგნების ისტორიის სატელევიზიო მედიუმისთვის გამარტივება იყო. გამარტივება იმ დონემდე რომ ისტორია ზედმეტად ჩახლართული არ ყოფილიყო საშუალოსტატისტიკური მაყურებლისთვის. ამ გამარტივებას უამრავი ისტორია და ზოგჯერ პერსონაჟებიც კი ეწირებოდა. ამის მიუხედავად, „სამეფო კარის თამაშების“ გაზავებულ ვერსიასაც კი საკმარისი პოტენცია გააჩნდა მაყურებლის ჩასათრევად. გარდამტეხი წერტილი ის სეზონები გახდა რომლის დროსაც სცენარისტებს წიგნები აღარ ქონდათ, რომლის გამარტივებასაც  მაყურებლისთვის შეძლებდნენ. მათ მხოლოდ ჯორჯ მარტინის მიერ არდასრულებული ისტორიის კარკასი ქონდათ, რომლის კეთილმოწყობაც მათი საქმე იყო. სამწუხაროდ ამ საქმისთვის მათ საკმარისი უნარი არ აღმოაჩნდათ. შედეგად, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში მივიღეთ ზუსტად ის რაც მათ მიაწოდეს, ისტორიის ჩონჩხი და მოვლენების ცვლადობა რომლებიც ორგანულ ერთიანობას არ ქმნიან და შესაბამისად დანაკლის გრძნობას გიტოვებენ. განსაკუთრებით ნათელია ეს ბრანის პერსონაჟის შემთხვევაში, რომლის უკან უამრავი პასუხისგაუცემელი კითხვა და არახდენილი პოტენციალი რჩება. მას შემდეგ რაც ყველა პერსონაჟის საბოლოო დანიშნულების წერტილი ვიცით, ბრანის ისტორიის გაშლა ყველაზე დამაინტრიგებელი ელემენტია წიგნების გამოცემის მოლოდინში.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მაყურებლის იმედგაცრუება ლოგიკურია. უფრო სწორად, ლოგიკური იქნებოდა ნეგატიური რეაქცია გაცილებით ადრე რომ დაფიქსირებულიყო და არა იმ მომენტში, როდესაც შოურანერებმა ბევრისთვის საყვარელი პერსონაჟის მთავარ ანტაგონისტად ქცევა გადაწყვიტეს. ამ ფაქტორმა დასასრულის გარშემო ატეხილ აურზაურს ლეგიტიმაცია მოაკლო. ის მაყურებელი, რომელსაც შოუსადმი კრიტიკული დამოკიდებულება მხოლოდ დაენერისის ტრანსფორმაციის შემდეგ გაუჩნდა, გაცილებით ლმობიერი იქნებოდა მისი საყვარელი პერსონაჟი რომ ტახტზე ასულიყო. მიუხედავად იმისა რომ სცენარი ისევ სუსტი იქნებოდა, პასუხგაუცემელი კითხვები ისევ უცვლელი და რეალურად „ყინულის და ცეცხლის“ ფრენჩაიზისთვის ასეთი დასასრული ბევრად უარესი.
დამაკმაყოფილებელი ფინალი თავიდანვე გამორიცხული იყო. იმისთვის რომ დასასრული ლოგიკური და სრულფასოვანი იყოს, ამისთვის საფუძველი წლებით ადრე უნდა იყოს ჩაყრილი და ყველა ქმედება ხილულად თუ ფარულად დასასრულის სრულყოფისკენ უნდა იყოს მიმართული. შოურანერებმა იცოდნენ რომ დაენერისის პერსონაჟი გაგიჟდებოდა, ისიც იცოდნენ თუ როგორც დაამთავრებდნენ თავის მოგზაურობას მთავარი პერსონაჟები, მაგრამ საკმარისი ინფორმაცია და უანრი არ აღმოაჩნდათ რომ ფინიშის ხაზთან მიმავალი გზა მთლიანად დაესრულებინათ.
იდეურად, პერსონაჟების ისტორიების დასასრულთან პრობლემა არ მაქვს. დაენერისის სიკვდილი და ჯონ სნოუს „გარიყვა“ მათთვის კარგი ფინალია. დაენერისის სიკვდილით გადაწყდა, რომ იმ საგვარეულოს ტახტზე დაბრუნება რომლის სლოგანი „ცეცხლი და სისხლია“ არც ისე კარგი იდეა იყო. ვესტეროსში აბსოლუტური მონარქიის ეპოქა დასრულდა. ტარგარიანები, რომლებმაც ასწლეულობის წინ გააერთიანეს შვიდი სამეფო, მაგრამ ამავდროულად ოჯახური დრამის გამო მუდმივ სამოქალაქო ომებში ახრჩობდნენ მას, წარსულს ჩაბარდნენ. ამ მოვლენის მნიშვნელობა სერიალში საკმაოდ სუსტად არის წა��მოჩენილი. დროგონის მიერ ტახტის დადნობა იმდენად უხერხულად სიმბოლურია, რომ ზაკ სნაიდერის პარალელები იესოსა და სუპერმენს შორის მის შედარებით სარეჟისორო მასტერკლასია.
ახალ სამყაროში ჯონ სნოუსთბის ადგილი აღარ დარჩა. თავისი არსით ის წარსულის გადმონაშთია. მისი ადგილი ამ სახეცვლილ შვიდ სამეფოში აღარ არის. მასთან ერთად სამყაროში დროებით შემოპარული მაგიაც გაქრება. აღარ იქნებიან დრაკონები, დაერვულფები, მოსიარულე მკვდრები, ტყვის შვილები, წითელი ღმერთის სასწაულმოქმედი მსახურები და ა.შ. მათი ადგილი ისედაც აღარ იყო ამ სამყაროში და წიგნის მოვლენებიც ვესტეროსში ჯადოქრობის ბოლო გაფართხალებას გავდა. ერთადერთი რაც ამ ინტერპრეტაციას წინ უდგას ბრანია. თუმცა, როგორც მანამდე ვახსენე, ბრანის ისტორიას ისედაც საგანგაშოდ აკლია უამრავი დეტალი.
ყველაფრის მიუხედავად ჯონის დასასრული არ არის სევდიანი. პირიქით, იგივე ბეჭდების მბრძანებლის დასასრულისგან განსხვავებით, სადაც აუარებელი სევდა გეუფლება იმის გაცნობიერებით რომ პერსონაჟების ცხოვრების მთავარი თავგადასავალი დასრულებულია და ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნება აუტანელ მელანქოლიას იწვევს, აქ ეს შეგრძნება არ გეუფლება. ნედ სტარკის სამივე შვილის ცხოვრებაში ახალი თავის დრო მოვიდა. არია სტარკი ახალ კონტინეტნს აღმოაჩენს, სანსა სტარკი ჩრდილოეთს ჩაუდგება სათავეში, ჯონ სნოუ კი სავარაუდოდ ახალ სახელმწიფოს დაარსებს, რადგან გაზაფხული უკვე ნამდვილ ჩრდილოეთშიც მოვიდა.
ბევრისთვის ეს დასასრული ბანალურია და არ შეესაბამება „სამეფო კარის თამაშების“ ბრუტალურ სამყაროს. მაგრამ ყველაფრის შემდეგ რაც სტარკებმა გამოიარეს, პათეთიკური დასასრულის პატიებმა ყველაზე მცირეა რის გაკეთებაც მაყურებელს შეუძლია. 
0 notes
netrunner-84 · 5 years
Text
Game of Thrones s8e5 - შთაბეჭდილებები
Tumblr media
რამდენიმე საათში მსოფლიო „სამეფო კარის თამაშების“ ბოლო ეპიზოდს იხილავს. წლების განმავლობაში პერსონაჟებში ჩადებული ემოციური ინვესტიცია ხვალ ან საბოლოოდ გამოიღებს დივიდენდებს, ან მილიონობით მაყურებელს ბანკროტებად დატოვებს. მეხუთე ეპიზოდის მოვლენებმა ისედაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ღამის მეფის სიკვდილის შემდეგ, მათმა ნაწილმა აღმოაჩინა რომ შოუს სცენარი თავისი მოწოდების სიმაღლეზე აღარ არის. ამის გასააზრებლად დაენერისის მიერ საომარი დანაშაულის ჩადენა გახდა საჭირო. თუმცა, არ მტოვებს შთაბეჭდილება რომ იმედგაცურება უფრო კონკრეტული გმირების ქმედებებს მოყვა ვიდრე შოურანერების მიერ რაიმე საბედისწერო შეცდომის დაშვებამ.
დავუბრუნდეთ მესამე ეპიზოდს, რომელსაც მცირე ტაქტიკური კრიტიკის გარდა, დიდწილად პოზიტიური შეფასება მოყვა, ყოველ შემთხვევაში მეხუთე ეპიზოდის შედარებით. ბევრისთვის ყველაფერი აქ უნდა დასრულებულიყო. ღამის მეფესთან ბრძოლა შოუს კულმინაცია უნდა გამხდარიყო. აქ მოპოვებულ გამარჯვებას უნდა ქონოდა საბოლოო მნიშვნელობა და აქ დაცემული გმირებისთვის უნდა გვეღვარა ცრემლი. ამ ეპიზოდის მიმოხილვაშიც ვახსენე რომ „სამეფო კარის თამაშები“ ორი ისტორიისგან შედგებოდა. ერთი იყო შვიდი სამეფოს პოლიტიკური ინტრიგები და ბრძოლა ტახტისთვის, მეორე კი ჩრდილოეთიდან წამოსული საფრთხე, რომელიც მთელ სამყაროს განადგურებით ემუქრებოდა. ადვილად მისახვედრია რომ „დიდი ბოროტი ყინულის კაცი“ და მის წინააღმდეგ გაერთიანებულ ფრონტად შეკრული სამყარო, არ იყო ის რამაც „სამეფო კარის თამაშები“ შეგვაყვარა. შოუ თავიდანვე რომ ყოფილიყო ამ ფენტეზი კლიშეებზე ნაგები ისტორია, ის ვერასოდეს გახდებოდა მსოფლიო ფენომენი, რომელიც დღესაა. ამის მაგივრად, წიგნებმა და სერიალმა ჟანრისთვის უჩვეულოდ ღრმა და კარგად რეალიზებული პერსონაჟები შეგვაყვარეს, ხაზი გადაუსვეს სამყაროს შავ-თეთრად დაყოფას და დაგვაზეპირებინეს ფრაზა „ვალარ მორგულის“, რომელიც დამსახურებულად იქცა „სამეფო კარის თამაშების“ სლოგანად. ამ ყველაფრის შემდეგ იმდენად დავჰაიპდით აპოკალიფსური მოვლენებით, ცეცხლისა და ყინულის დაპირისპირებით და ღამის მეფის ამბებით, აერთოდ დაგვავიწყდა რომ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი იყო. სავარაუდოდ იგივე ჩიხში წიგნებიც ავტორიც შევიდა, რომელსაც რაღაც მომენტში გაიაზრა რომ ზედმეტად ღრმად შეტოპა იმ კლიშეებში, რომლისგან გასაქცევადაც დაიწყო წიგნების წერა. ამ არეულ-დარეული არგუმენტით იმის თქმას ვცდილობ, რომ ღამის მეფის სთორილაინის დასასრულის შემდეგ, მაყურებლის იმედგაცრუება გარდაუვალი მოვლენა იყო. იმის მაგივრად რომ ტახტის მფლობელის ვინაობა პირდაპირ, უზარმაზარი კულმინაციური ბრძოლის შემდეგ გამხდარიყო, რომლის დროსაც პერსონაჟების უმრავლესობა სევდიანი მუსიკის აკომპანირებით, ტრაგიკულად, მაგრამ გმირულად დაიღუპებოდნენ, გადარჩენილები კი ერთმანეთს ხელს ჩაკიდებდნენ და ვესტროსის ჰიმნს იმღერებდნენ, მივიღეთ დღევანდელი მდგომარეობა.
ღამის მეფის დასასრულთან ერთად, შოუს სასწრაფო ტემპით მოუწია დამუხრუჭება და უკან დასაბრუნებული გზის ძებნა. გზის, რომელიც შოუს ფინალს უფრო ახლოს მიიყვანდნენ იმ თვისებებთან, რომლებმაც „სამეფო კარის თამაშები“ მნიშვნელოვან სატელევიზიო მოვლენად აქციეს. გზის, სადაც სამეფო ტახტის ხელში ჩასაგდებად და ძალაუფ���ების მოსაპოვებლად პერსონაჟები ყველაფერზე არიან წამსვლელნი. ამის გასაკეთებლად არსებული ერთადერთი ლოგიკური არჩევანი დაენერისის გიჟ დედოფლად გადაქცევა იყო. ისტორია სხვანაირად უბრალოდ ვერ გაგრძელდებოდა. ნაწილობრივ მესმის იმ მაყურებლის იმედგაცრუების, რომლებმაც ეს ნაბიჯი არ მოიწონეს. ყველას შეგვიძლია შევთანხმდეთ რომ ამ საბოლოო ტრანსოფრმაციისთვის მეტი დროის დათმობა შეიძლებოდა. მითუმეტეს, მაშინ როდესაც შოურანერებმა თავად შეიზღუდეს თავი ეპიზოდების მცირე რაოდენობით. მეორე მხრივ, მათი სიჩქარეც გასაგებია. მათ არც საკმარისი მასალა ქონდათ, რომელზეც ისტორიის დეტალურად გაწერისთვის შეძლებდნენ დაყრდნობას და მაყურებლისგანაც მიღებული სიგნალებიც არაერთგვაროვანი იყო. პირველი სეზონიდან მოყოლებული, მათი ნაწილი დიალოგების დიდ რაოდენობაზე და ექშენის სიმცირეზე წუწუნებდა (მაგალითად რობ სტარკის და ჯეიმე ლანისტერის ბრძოლა საერთოდ არ იყო ნაჩვენები, მასზე მხოლოდ პოსტ ფაქტუმ საუბრობდნენ). ბიუჯეტის ზრდასთან ერთად სანახაობამ მოიმატა, მაგრამ დიალოგის რაოდენობამ და ხარისხმა საგრძნობლად იკლო. ამის მიუხედავად, შოუს რეიტინგი მუდმივად იზრდებოდა. ბოლო სეზონის იმედგაცრუებაც დიდწილად ამ მოვლენასთან არის დაკავშირებული, უბრალოდ მისი გააზრებისთვის ქალაქის გადაწვა გახდა საჭირო.
მთლიანი ისტორიის კონტექსტში, დაენერისის მიერ ქალაქის განადგურება გასაკვირი არავისთვის უნდა ყოფილიყო. როგორც აქამდე ვახსენე, ეს პერსონაჟის განვითარების ერთადერთი ლოგიკური გზა იყო. ამ ყველაფრისთვის მთლიანი სეზონიც დათმობაც კი იქნებოდა შესაძლებელი. ამ ცვლილების მოლოდინი იმდენად მქონდა, რომ ის რამდენიმე მითითებაც, რომელიც სეზონის განმავლობაში ჩააგდეს, საკმარისი აღმოჩნდა. დაენერისის ამ გადაწყვეტილებაზე ცალკე სტატიის დაწერა არის შესაძლებელი. საქციელი ერთდროულად ემოციური აშლილობითაც მართლდება და ვესტეროსის ცივი ლიგიკითაც. ყველაფერი რისთვისაც პერსონაჟი წლების განმავლობაში იბრძოდა ეჭვქვეშ დადგა. ჯონ სნოუ არა მხოლოდ ტახტის უფრო ლეგიტიმური და დიდი მხარდამჭერის მქონე კანდიდატია, ის დეიდამისთან ინტიმური ურთიერთობის გარძელებაზეც კი უარს ამბობს! მისანდეის სიკვდილის შემდეგ, მხოლოდ გრეი ვორმი და დროგონი დარჩნენ დაენერისის ჭეშმარიტად ერთგულები. ისისც დავუმატოთ რომ მას სამიდან ორი შვილი დაეღუპა. დაენერისი უცხოა უცხოთა ქვეყანაში. მისი ჯარიც კი უცხოტომელებისგან შედგება. აშკარაა რომ ყველაფერი რისთვისაც ის იბრძოდა თითქმის მის ხელშია, მარამ ისიც აშკარაა რომ ის ტახტზე მშვიდად ვერასოდეს იჯდება სანამ ჯონ სნოუ არსებობს, რომელიც ხალხს მასზე მეტად უყვარს. 8 სეზონის განმავლობაში გამოვლილი გზის შემდეგ, ფინიშის ხაზთან ასე ახლოს ყოფნისას, ამ ყველაფრის გააზრება ნებისმიერ ადამიანს გადაიყვანდა ჭკუიდან. დრაკონზე შემომჯდარი ტარგარიენის ჭკუიდან გაყვანა კი მსოფლიშო ყველაზე იოლი საქმეა.
0 notes
netrunner-84 · 5 years
Text
Game of Thrones s8e4 - შთაბეჭდილებები
Tumblr media
რკინის ტახტის მფლობელის ვინაობის გამოვლენას ვუახლოვდებით. სამყაროს გადარჩენის შემდეგ უნდა გაირკვეს ვინ იქნება მისი მმართველი. ვაკანსიის შორთლისტში სამი კანდიდატია:
დეინერის ტარგარიენი: ვესტეროსში რომ სოციალური მუშაკები არსებობდნენ, ეჭვგარეშეა რომ მის უკანასკნელ შემორჩენილ დრაკონს მცირეწლოვნებისთვის განკუთვნილ თავშესაფარში გადაიყვანდნენ. იმ ადამიანის თაობაზე, რომელიც თავის ტიტულატურაში ყოველთვის გამოარჩევს „დრაკონების დედას“, დეინერის ტარგარიენი თავისი შვილების უსაფრთოხოების მიმართ კრიმინალური გულგრილობით გამოირჩევა.
მისი მმართველობის გამოცდილებაში გამოსარჩევია „თავისუფალ ქალაქებში“ მონობის გაუქმების აქტი. თავისთავად კეთილშობილური საქმე, რომელიც თავის განხორციელებაში იმდენად უნიათო იყო, რომ განთავისუფლებულების ნაწილს კვლავ მონობაში დაბრუნება ერჩია.
შეშფოთების საფუძველს ასევე იძლევა მისი მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა. ტარგარიენების ოჯახში განსაკუთრებულად მაღალია ნერვული აშლილობის ისტორია. ამას დეინერეისის ცხოვრებაში მომხდარი არაერთი ტრავმატული მოვლენაც ემატება,  მაგალითად: ადრინდელ ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლობა და პირველი ქმრის სიკვდილში ირიბი ბრალეულობა. ის ფაქტი, რომ ორივე ერთი ადამიანია, კიდევ უფრო საეჭვოს ხდის მის ემოციურ სტაბილურობას. უკანასკნელ პერიოდში ორი შვილის დაკარგვასთან ერთად, ასევე გაირკვა რომ რომანტიულ ურთიერთობაში იმყოფებოდა საკუთარ ძმისშვილთან. თუმცა, მისთვის ბევრად უფრო შემაშფოთებელი აღმოჩნდა ჯონ სნოუს უფრო მაღალი ლეგიტიმურობა „სამეფო ტახტზე“. ახლო მეგობრის, მისანდეის სიკვდილის შემდეგ, მაღალია ვესტეროსის დედაქალაქის გადაწვის საშიშროება შურისძიების მიზნით. ამას თავისთავად უამრავი მსვერპლი მოყვება. გეგმის შესრულების შემთხვევაში კონფლიტქი მის გარემოცვასთან და მომხრეებთან აურიდებელი იქნება.
საბოლოო დასკვნა: „Strange women lying in ponds distributing swords is no basis for a system of government“
 ჯონ სნოუ: ის და დეინერისი ერთი მონეტის ორი მხარეა. თეორია რომ „ცეცხლისა და ყინულის“ სიმღერაში, დენი ცეცხლი იყო ხოლო ჯონი ყინული, უკვე არ ვი��ი რამდენად შეესაბამება სიმართლეს, ან საერთოდ თუ აქვს რაიმე მნიშვნელობა. ფაქტია, რომ ყველა პერსონაჟს შორის ეს ორნი ყველაზე მეტად მიყვებიან ფენტეზის კლიშეებს და სატახტო თამაშში ჩართვამდე, თავისი განცალკევებული ისტორიები ქონდათ. როგორც დეინერისი მოგზაურობა შორეულ კონტინენტზე, ცდილობდა გადარჩენას, ზრდიდა დრაკონებს, ათავისუფლება მონენს, ისევე ჯონს ქონდა საკუთარი მოგზაურობა კედელზე და მის ჩრდილოეთით. როდესაც დენი უსაზღვრო უდაბნოებში თავისი ხალხის გადარჩენას ცდილობდა, ჯონ სნოუ ნამდვილ ჩრდილოეთში ატარებდა ექსპედიციებს და საბოლო ჯამში „თავისუფალ ხალხს“ მოევლინა გადამრჩენად. ამ მხრივ, ორივეს მესიის სტატუსი აქვთ. ერთმა ცეცხლი გამოიარა უვნებლად, მეორე კი ღამის გუშაგების ფიცისგან მხოლოდ მას შემდეგ განთავისუფლდა, რაც საკუთარმა ძბებმა მოკლეს.
დეიდამისიგან განსხვავებით, ჯონ სნოუ უჩვეულოდ სტაბილური ხასიათით გამოირჩევა. ვერც ღამის მეფესთან შეხვედრამ, ვერც სიკვდილმა და ვერც ინცესტმა მის განწყობაზე მნიშვნელოვნად ვერ იმოქმედა. ეს სტაბილურობა იმდენად უცნაურია, რომ შესაძლოა ემოციურ ატროფიასთან გვქონდეს საქმე. ვინმემ შეიძლება თქვას რომ მეორედ მოსვლის შემდეგ ის ემოციურად მკვდარია, მაგრამ ჯონ სნოუ არც მანამდე გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით. ეს გარემოება მას  მუდმივად უქმნიდა ერთგანზომილებიანი პერსონაჟად ქცევის საშიშროების საფრთხეს, მაგრამ ამ ბედს როგორღაც გადაურჩა. ისევე, როგორც კიანუ რივზი გადაურჩა ცუდი მსახიობობის ბედს, ქარიზმის და კარგი როლების ხარჯზე.
საბოლოო დასკვნა: ცუგას დამშვიდობებისას არ მოეფერა, ტახტს არ იმსახურებს.
სერსეი ლანისტერი: ტაივინ ლანისტერიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ სერსეი ამდენი ხნით შეძლებდა ტახტის შენარჩუნებას. სერსეის ყველაზე სახიფათო თამაშშია ჩართული. ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც ის ღებულობს, მისი განადგურება შეუძლია. მაგალითად, ლანისტერების არმიის ჩრდილოეთში არ გაგზავნა. თითქოს ლოგიკურად აბსოლუტური სიგიჟე იყო მისი ამბიციების წინ დაყენება, მაშინ როდესაც ღამის მეფის გამარჯვების შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა ექნებოდა ტახტზე ვინ იჯდებოდა. მისი გათვალა საოცარი რისკი იყო, რომელიც როგორღაც გამართლდა. ტირიონ ლანისტერმა მეოთხე ეპიზოდში საკმაოდ ზუსტად აღწერა ეს პერსონაჟი. ის არავითარ შემთხვეავში არ წარმოადგენს სრულ ბოროტებას. სერსეი ლანისტერი სამეფი კარის თამაშების ყველაზე მარტოხელა და ტრაგიკული პერსონაჟია. რობერტ ბარატეონს, სერსეისთან პირველ გატარებულ ღამის, ლიანა სტარკის სახელი რომ არ ეთქვა და ზოგადად ღორი არ ყოფილიყო, მისი სიცოხლე დიდი ალბათობით მეუღლის დახმარების გარეშე დასრულდებოდა.
საბოლოო დასკვნა: კონკურენტების არარსებობის შემთხვევაში, სერსეი ლანისტერის მართველობა არაფრით იქნებოდა გამორჩეული მისი წინამორბედებისგან. რეალურად, ახალ და განსხვავებულ მართველობის სტილს არავინ გვთავაზობს. ერთადერთი კანდიდატი რომელიც „მეტი სამართლიანობის“ ლოზუნგით გამოდის, დეინერეისია. მისი ნერვული მდგომარეობა კი უკვე ისეთ ლოიალისტებსაც უჩენთ კითხვის ნიშნებს, როგორიც ვარისი და ტირიონია. შესაძლოა სერსეის ტახტზე დარჩენა ვესტეროსისთვის ყველაზე ცუდი ვარიანტი არ იყოს.
0 notes
netrunner-84 · 5 years
Text
Game of Thrones s8e3 - შთაბეჭდილებები
Tumblr media
„სამეფო კარის თამაშები“ ორი ისტორიის კომბინა��იაა. ერთში, ჯორჯ რ.რ. მარტინი ყვება შვიდი სამეფოს პოლიტიკური ინტრიგების შესახებ, როგორ ებრძვიან ერთმანეთს კეთილშობილთა საგვარეულოები, როგორ ცდილობენ გამორჩეული ინდივიდები „ქაოსის კიბეზე“ რაც შეიძლება მაღლა აღმოჩდნენ და რამდენად მსხვრევადია იდეალიზმი რეალობასთან შეჯახების დროს. მეორე ისტორიაში, მარტინი ფენტეზის საფუძვლებს უბრუნდება. გვიყვება სიკვდილის პერსონიფიკაციაზე, რომელსაც სამყაროში სამუდამო ღამის დასადგურება აქვს განზრახული. ღამის მეფეს არა მხოლოდ ადამიანების ფიზიკურად განადგურება, არამედ მათ შესახებ არსებული ხსოვნის მთლიანად ამოშლა სურს. მეორე ისტორიაში ადგილი აქვს წინასწარმეტყველებას აზორ აჰაის შესახებ, სამყაროში დაბრუნდებულ დრაკონებს, დაერვულფებს და იასამისფერთვალება დედოფალს, რომელსაც ცეცხლი არაფერს ავნებს.  დასაწყისში ეს ორი ისტორია ერთმანეთისგან გამიჯნულია. დაენერისი და მისი დრაკონები სხვა კონტინენტზე არიან, ღამის გუშაგები კი კრიმინალების ხროვად მიიჩნევა და, დიდწილად, არის კიდეც. ისტორიის განვითარებასთან ერთად, ეს ორი სამყარო ერთმანეთს უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ. თუ ამ საგის პირველი ნახევარი თითქმის მთლიანად იყო ფოკუსირებული პოლიტიკურ ინტრიგებსა და შვიდ სამეფოს შიდა დაპირისპირებაზე, მეორე ნახევრიდან ღამის მეფის საშიშროება სულ უფრო რეალური ხდებოდა. პარალელურად დრაკონებიც გაიზარდნენ და მათ შესახებ ამბავი მსოფლიოს მოედო. ღამის მეფის გამოჩენა, დრაკონების სამყაროში მოვლენა და აზორ აჰაის მიმდევრების სასწაულმოქმედება ერთმანეთს ემთხვევა. „რეალურსა“ და ფანტასტიკურ სამყაროს შორის შეჯახება გარდაუვალი ხდება. ამის ფონზე რკინის ტახტის მფლობელის ვინაობა თავდაპირველ ინტრიგას კარგავს. მესამე ეპიზოდში განვითარებულმა მოვლებებმა წერტილი დაუსვა იმ ისტორიას, რომელმაც თავისი მნიშვნელობით პირველის შთანთქვა უკვე მოახერხა. ლანისტერების და დაქირავებული ჯარით გარშემორტმყული სერსეი, მოახერხებს თუ არა ტახტის სასწაულებრივად შენარჩუნებას, ამ ეპიზოდის შემდეგ დიდ მნიშვნელობას ჩემთვის უკვე არ ატარებს. არადა, ისტორიის დასაწყისში, ფანტასტიკური მხარე უბრალოდ ლამაზი დანამატი იყო, ხუთი მეფის ომი და ტახტის მესაკუთრის ვინაობა კი მთავარი ინტრიგა.
ვინტერფელის ალყა
მთელი ეპიზოდის განმავლობაში იმდენად ვიყავი დაძაბული და აღტაცებული ჩემ თვალწინ წარდგენილი ვიზუალური სანახაობით, რომ დეტალებისადმი ყურადღების მიქცევას დიდად არ ვცდილობდი. ღამის მეფის მოულოდნელმა დასასრულმა დამაბნია და ტიტრების დაწყებისთანავე დამაწყებინა ფიქრი: „ახლა რას ვუყურე, რამე ხომ არ მომეჩვენა?“
სიცხადეში ვნახე თუ დამესიზმრა რომ დოთრაკების არმია, რომელმაც დენიმ სამყაროს ბოლოდან ვესტეროსში ჩამოიყვანა, მთლიანად, რამდენიმე წამში ამოწყდა? პირველ ნახვისას მათ შეიარაღებასაც არ დავკვირვებულვარ. ვფიქრობდი, რომ როგორც ყველას, მათი იარაღიც თავიდან დაამზადეს შავი ქვისგან. მეორე ნახვისას შევამჩნიე რომ ასე არ იყო. იმ შემთხვევაში თუ მელისანდრა არ გამოჩნდებოდა, რამდენიმე ათასიანი მსუბუქი კავალერია, დაზვერვის გარეშე, სრულ სიბნელეში შეიჭრებოდა, თანაც იმ იარაღით, რომლითაც მტერს აბსოლუტურად ვერაფერს ავნებდნენ. რაც მთავარია, ვინ გასცა ბრძანება შეტევის შესახებ?
ტრებუშეტები მხოლოდ მაშინ რატომ ისროდნენ, სანამ კავალერია მათსა და მტერს შორის დისტანციას დაფარავდა? მანამდე რას აკეთებდნენ, ან საერთოდაც კედლებს გარეთ და შუბოსნების წინ, აბსოლუტურად დაუცველნი რატომ დატოვეს. ვინტერფელის გარშემო მხოლოდ 20 შესაბამისი ზომის ქვა იპოვეს?
გალავანზე მხოლოდ 5 კაცი რატომ იდგა. მაშინაც კი, როდესაც მოწინავე არმიამ მარცხი განიცადა, გადარჩენილები შიდა ეზოში ბირჟაობდნენ და მხოლოდ მაშინ დაიწყეს კედლებზე ასვლა, როცა ღამის მეფემ ცეცხლოვანი თხრილის გადალახვის უმარტივესი გზა მონახა.
ვერაფრით ვხსნიდი ეს აბსოლუტური მარაზმი რითი იხსნებოდა. სანამ ბოლოს ორი შესაძლო პასუხს არ მივაგენი:
1) სცენარი ცალკეული სცენების შექმნაზე იყო ფოკუსირებული და სცენები ერთმანეთთან ლოგიკური ჯაჭვით არ იყვნენ დაკავშირებულნი. მაგალითად, ერთ სცენაში უნდა გვენახა როგორ გადაუვლის გალავნის წინ განთავსებული ჯარის მოწინავე რიგებს World War Z-ის სტილის ზომბების ტალღა. მის წინაშე ვერაფერი გადარჩება. ყველანაირი წინააღმდეგობა აზრს არის მოკლებული. თუმცა, ამავე მოწინავე რიგების სათავეში მდგომი ბრიენა, ჯეიმე, ტორმუნდი და სემიც კი მოახერხებენ ციხესიმაგრეში დაბრუნებას. რატომ? იმიტომ რომ მათი ყოფნა შემდეგ სცენაში არის საჭირო. იმიტომ რომ მათი დრო ჯერ არ მოვიდა, იმიტომ რომ ასეთი პერსონაჟები მეტად დრამატულ სიკვდილს „იმსახურებენ“. ამავე დროს, წინა სცენაში რეჟისორს უნდოდა ეჩვენებინა რამდენად დაუნდობელია მკვდრების ტალღა. ამ ორი სცენის შორის ლოგიკური კავშირის პირობებში, ჯეიმიც და ბრიენაც პირველივე ტალღა წალეკავდა. მაგრამ ისენი არათუ ამ ტალღას, არამედ სერიის განმავლობაში კიდევ 3-3 ჯერ მაინც გადაურჩებიან ისეთ მდგომარეობას, რომელშიც გადარჩენა შეუძლებელი უნდა ყოფილიყო. (სრული იდილიისთვის ვინტერფელის ყველა დამცველს, მთავარი გმირების გარდა, სტარ ტრეკის სტილის წითელი მაისურები უნდა ქონოდათ)
„სამეფო კარის თამაშების“ წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი კარგად განვითარებული, რეალისტური პერსონაჟები და დაუნდობელი სამყარო იყო. სამყარო სადაც ვერ გადარჩები მხოლოდ იმის გამო რომ მაყურებელს მოწონხარ. აქ სიკვდილს ფავორიტები არ ყავს. თუ დრო მოვიდა, მნიშვნელობა არ აქვს ვესტეროსის ყველაზე საინტერესო პერსონაჟი ხარ თუ ჯონ სნოუ. ორივეს ერთნაირად წაგიყვანთ. ისეთი პოპ კულტურის პირობებში, სადაც მთავარი პერსონაჟები არასოდეს კვდებიან და თუ კვდებიან მალევე უკან გვიბრუნიან, „სამეფო კარის თამაშების“ მიდგომა გარდამტეხი იყო. ეს მიდგომა „სამეფო კარის თამაშების“ მესამე სერიაში სრულად იქნა უარყოფილი. მე არ ვსაუბრობ იმაზე, თუ რატომ არ მოკლეს პერსონაჟები. უბრალოდ, ყურადღებას ვამახვილეთ 10-ამდე სცენაზე, სადაც პერსონაჟი უნდა მომკვდარიყო. სადაც კადრში უკვე ჩანდა რომ მასზე აღმართულ ხელი მიზანში უნდა მოხვედრილიყო, შედეგად კი სამონტაჟო ჭრას ვღებულობდით, რამენიმე წუთში კი ეს პერსონაჟები სასწაულებრივად ცოცხალები გხვდებოდნენ.
2) მეორე თეორია, რის მიხედვითაც ვინტერფელის ალყისას გამოყენებული მარაზმატული ტაქტიკა მართლდება, საკმაოდ მარტივია, მაგრამ კრიტიკას ვერ უძლევს. ამ თეორიის მიხედვით, ჯარის ასე უაზროდ შეწირვა მთელი გეგმის ნაწილი იყო. დოთრაკების შეტევაც და უთავბოლოდ წარმოებული ციხესიმაგრის დაცვაც, იმისკენ იყო ორიენტირებული რომ ყველა მომკვდარიყო. მას შემდეგ რაც ასე მოხდა და ჟლეტას მხოლოდ მთავარი პერსონაჟები გადაურჩნენ, ღამის მეფემ საკმარისად უსაფრთხოდ იგრძნო თავის, რომ ბრანის ხაფანგში მოქცეულიყო და ყურადღება მოედუნებინა. იმდენად მოედუნებინა, რომ სხვა ვაით ვალკერებით და ზომბებით გარშემორტყმულს ვერ შეემჩნია როგორ მიიპარებოდა მისკენ არია. სასიკვდილო დარტყმის განხორციელების წინ, ვხედავ როგორ ჩაუქროლებს არია ერთ-ერთ ვაით ვოლქერს. უფრო სწორად ამ ჩაქროლების ეფექტს ვხედავთ, რადგან ვაით ვოლქერს თმა აეჩეჩება და მის თვალებში წამიერად დაბნეულება აისახება. როგორც ჩანს უსახელო ღმერთის ტაძარში, პატარა სტარკი ფლეშის ძალას დაეუფლა. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ღამის მეფის „სიცოცხლე“ ეფექტურად, მაგრამ სრულად გაუგებრად შეწყდა. სერიალის მთავარი კონფლიქტი დასრულდა და არ ვიცით როგორ. უფრო სწორად ვიცით - „არია მაგარი ასასინია“. „სამეფო კარის თამაშების“ საბოლოოდ გიგანტურ მიმად ტრანსფორმირდა.
0 notes
netrunner-84 · 5 years
Text
Game of Thrones s8e2 - შთაბეჭდილებები
Tumblr media
პელენორის ველზე გამართული ბრძოლა, ბევრისთვის, ბეჭდების ტრილოგიის ყველაზე შთამბეჭდავი მომენტია. ჩემთვის, Battle for Helm’s Deep ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. პელენორის ბრძოლისგან განსხვავებით, ორ ციხესიმაგრეში სრული უიმედობა სუფევს. ყველაფერი დასასრულის და სიკვდილის სუნით არის გაჟღენთილი. ადამიანების რასა დასასრულს უახლოვდება და საშველიც არსაიდან ჩანს. ერთ  მხარეს, თეოდენი მისტირის წარსულ დიდებას და წუთისოფელს. მეორე მხარეს, ლეგოლასს პანიკა ეწყება, როდესაც ხვდება რომ მისი უსასრულო ცხოვრება შეიძლება ძალადობრივი გზით შეწყდეს. მესამე მხარეს კი, არაგორნი დარბის და თინეიჯერებს ბრძოლის წინ ამხნევებს.
„სამეფო კარის თამაშების“ მეორე ეპიზოდშიც მსგავსი სიტუაციაა. 50 წუთის განმავლობაში პერსონაჟები გადარჩენის მცირე შანსებზე საუბრობენ. წინა სერიის მსგავსად არც ეს ეპიზოდია მოვლენებით სავსე, მაგრამ პერსონაჟების დაბღვერილი სახეები მაინც უფრო მძაფრ ემოციურ გამოძახილს პოულობს. როდესაც სახლიდან შორს და დიდი ხნით მივდივარ, გასვლამდე რამდენიმე წუთი კარებთან ჩამოვჯდები ხოლმე. ვფიქრობ, რამე ხომ არ დამავიწყდა. მთელი ეს ეპიზოდი, ასეთი ჩამოჯდომა იყო. ხომ არ დაგვავიწყდა რამხელა გზა გამოვიარეთ? ხომ არ დაგვავიწყდა, რომ ოდესღაც თავის დაზე შეყვარებულმა ჯეიმემ პატარა ბრანი კოშკიდან გადააგდო. ხომ არ დაგვავიწყდა არიას მიერ გამოვლილი გზა, როგორ მიატოვა მომაკვდავი სანდორი, როგორ წმენდდა უნიტაზებს უსახელო ღმერთის ტაძარში და როგორც გადაიქცა ცელქი ბავშვიდან ვესტეროსის ყველაზე საშიშ მკვლელად. ბრანის თქმის არ იყოს, ყველაფერი რაც პერსონაჟებმა გამოიარეს საჭირო იყო იმისთვის, რომ ამ მომენტამდე უკვე სრულად ჩამოყალიბებულებს მიეღწიათ. შოურანერებს უნდათ საბოლოოდ ჩაგვიბეჭდონ გონებაში რამხელა ემოციური ინვესტიცია გვაქვს განხორციელებული თითოეულ პერსონაჟში და რამხელა ტრაგედია გველის შემდეგ ოთხ სერიაში. კარგად გაიხსენეთ გასული სეზონები, შემდეგ სერიებს პერსონაჟების დიდი ნაწილი ვერ გადაურჩება, 4 ეპიზოდში კი ამ თაობის მთავარი სატელევიზიო თავგადასავალი დასრულდება.
ნოსტალგიასა და უიმედობის გარდა ეპიზოდში ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ჯონმა თავისი წარმოშობის ამბავი ბოლოს და ბოლოს დეიდამისს გაუმხილა. დენის მძაფრი რეაქცია საკმაოდ კარგი არგუმენტია მათთვის, ვისაც პერსონაჟის მიმართ ანტიპათია აქვთ. სიბრაზე უფრო გასაგები იქნებოდა რამდენიმე წუთით ადრე სანსათვის რომ არ ეთქვა რამდენად უყვარს მისი ძმა. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ რამდენად ყალბად გამოიყურება მათი სიყვარული, დავუკვირდეთ დაენერისის მოტივაციას. უკვე რამდენიმე სეზონია მისი მთავარი მამოძრავებელი რკინის ტახტის დაბრუნებაა. ამას თავიდანვე არავის უმალავდა. მიუხედავად იმისა, რომ იცის რამდენად ცუდი მმართველი იყო მამამისი და რამდენად ცოტა გააკეთა მისმა ძმამ ამის შესაჩერებლად, მაინც დაჟინებით იჩემებს რომ მის ოჯახს არასამართლიანად მოექცნენ. ეს მხოლოდ ნაწილობრივაა სიმართლე (მაგალითად, რამდენად სასტიკას გაუსწორდნენ მის ძმისშვილებს). ამის მიუხედავად, შვიდი სამეფოს მკვიდრებს ყველანაირი ლეგიტიმაცია ქონდათ მისი ოჯახის ჩამოსაგდებად. დაწყებული იქიდან რომ ტარგარიანები თავიდანვე უცხოტომელი დამპყრობლები იყვნენ, რომლებიც ძალას დრაკონების ხარჯზე ინარჩუნებდნენ, დასრულებული იმით რომ ყოველი მესამე ტარგარიენი გონებრივად შეშლილი მართველი იყო. განსაკუთრებით კარგად ჩანს ეს დაენერისის მამის საქციელში, რომელმაც ნედ სტარკის მამა და ძმა წამებით მოკლა. დაენერისის ტახტის დასაკუთრება წარმოშობის საფუძვლებზე ყოველთვის სასაცილო იყო და სტანისის მოტივაციისგან დიდად არ განსხვავდებოდა. თუმცა, სტანისიგან განსხვაებით დაენერისი „ბორბალის“ გატეხვას გვპირდებოდა, ხალხის გათავისუფლებას და სამართლიანდ მართველობას. ტიპიური წინასაარჩევნო ლოზუნგები, რომლებიც მომნუსხველი იმიტომ იყო რომ საქმითაც დასტურდებოდა. მაგალითად, თავისუფალ ქალაქებში მონობის აკრძალვა. მაყურებლის სიმპათიებიც დიდწილად მისი საქმეებით იყო განპირობებული და არა წარმოშობით. იმავე წამს როდესაც მისი უფლება ეჭვქეშ დადგა და ტახტის მემკვიდრედ არანაკლებად „ლეგიტიმური“ მმართველი გამოჩნდა, პერსონაჟი ნერვული კოლაფის წინაშე დადგა. საინტერესო სანახავი იქნებოდა, როგორც იღვიძებს დაენერისში ტარგარიანებს „შეშლილი“ მხარე და როგორ ცდილობს ჯონის მოშორებას. სამწუხაროდ, ამის ხილვას დიდი ალბათობით ვერ შევძლებთ. ან მკვდრები მოაგვარებენ ამ კონფლიქტს, ან ბოლოში მეგობრობა გაიმარჯვებს. იმის გარდა თუ ვინ გადაურჩება ცოცხალი ვინტერფელის ალყას, მთავარი კითხვა მაინც ტახტის მესაკუთრის ვინაობაა.  8 წლის განმავლობაში სერიალმა მოახერხა ამ ინტრიგის შენარჩუნება. ინტრიგის რომლის გარეშე ერთ დროს არანაკლებ პოპულარულმა სერიალმა „მოსიარულე მკვდრებმა“ თავისი მაყურებლის დიდი ნაწილი დაკარგა. თუმცა, მარტინისგან ისიც მოსალოდნელია რომ ვინტერფელსაც ვერავინ გადაურჩეს და სამუდამო ღამემ დაისადგუროს ვესტეროსში.
ეპიზოდის მთავარი მოვლენა სავარაუდოდ ბრიენას რაინდად კურთხევა უნდა ყოფილიყო. პერსონაჟის, რომელმაც დაინახა რეალურად რას წარმოადგენენ რაინდები და რამდენად ფუჭია მათ გარშემო არსებული მითი კეთილშობილებაზე. მიუხედავად ამისა, მისი მორალური კომპასი არ შერყეულა და იდეალისკენ სწრაფვის სურვილი არ დაქვეითებულა. ბრიენასთვის ამხელა ყურადღების დათმობა, ეპიზოდის სახელიც მიძღვნა და ცხოვრების ოცნების ახდენა, ძალიან გავს „Last wish foundation”-ის საქმიანობას. როდესაც უკურნებელი სენის მქონე ბავშვებთან სუპერგმირების შემსრულებელი ცნობილი მსახიობები მიყავთ გასამხნევებლად. ამიტომ, გამორიცხული არ არის რომ სეზონს მალევე გამოეთიშოს. არადა, ბრიენას და ჯეიმეს შორის არშემდგარი რომანტიული კავშირისგან შემორჩენილი დაძაბულობა, სერიალის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და საინტერესო სანახაობა იყო.
0 notes
netrunner-84 · 5 years
Text
Game of Thrones s8e1 - შთაბეჭდილებები
Tumblr media
 "სამეფო კარის თამაშების” ფინალური სეზონი ჩვენი ცხოვრების  ყველაზე მნიშვნელოვანი სატელევიზიო მოვლენაა. თავისი არსებობის განმავლობაში ჯორჯ რ.რ. მარტინის რომანების ადაპტაციამ დრაკონებზე და გამოგონილ სამყაროზე საუბარი მისაღებ ნორმად აქცია. სერიალის მიერ პოპ კულტურაზე მოხდენილი გავლენის ანალიზი რთული და შრომატევადი საქმე იქნება, ეჭვგარეშეა რომ ამ თემაზე ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო სტატიები დაიწერება. მოვლენებს რომ არ გავუსწროთ და საკმარისზე მეტი არ ვიკისროთ, ამჯერად პირველი ეპიზოდის განხილვას დავუთმობთ დროს. ეპიზოდს, რომელსაც 2017 წლის ზაფხულიდან ველოდებოდით და რომლის გარშემო შექმნილი მოლოდინების ფონზე მაყურებელი კრიტიკის მიმართ განსაკუთრებულად სენსიტიურია.
არსებობს რამდენიმე თეორია იმის შესახებ თუ რატომ გადაწყვიტეს შოურანერებმა ბოლო ორი სეზონი შეემოკლებინათ. მათ რომ ვკითხოთ, ბიუჯეტის ოპტიმიზაციაზე დაიწყებენ ლაპარაკს და ციფრების რახა-რუხით ეცდებიან თავის გამართლებას. ჩემი აზრით პასუხი ბევრად მარტივია. თავისი ტემპებიდან გამომდინარე, მარტინმა ვერ მოასწრო წიგნების დაწერა, შესაბამისად ბენიოფს და ვეისს შოუში გამოსაყენებლად საკმარისი მასალა არ ქონდათ. თავად გოტის სცენარისტები არასოდეს გამოირჩეოდნენ ახალი კონტენტის შექმნის ნიჭით. შოუს მთავარი ღირებულება ყოველთვის მისი პერსონაჟები და მათი ტრანსფორამცია იყო. ჯეიმი ლანისტერის მიერ განვლილი გზა ცივსისხლიანი, ოჯახზე ზედმეტად შეყვარებული, ცინიკური ფიცის გამტეხისგან, მაყურებლის ფავორიტ პერსონაჟამდე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ტელევიზიის ისტორიაში. გავიხსენოთ, როგორ ვგულშემატკივრობდით კეთილშობილ, მაგრამ მოდებილო ნედ სტარკს და როგორ გვძულდა ყველას მეფისკვმელი, რომელმაც ბრანი სასიკვდილოდ გაიმეტა ფრაზით „Things I do for love”. დღევანდელი გადმოსახედიდან ნედ სტარკი ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი პერსონაჟია, რომლის მთავარი ღირებულება ვესტეროსის სამყაროში მორალური კომპასის შენარჩუნება იყო. პერსონაჟების გადააზრება და ახლებული ინტერპრეტაციები ჯორჯ მარტინის დამსახურებაა. ყველა ცვლილებები რომლებიც სცენარისტების მიერ იყო განხორციელებული საუკეთესო შემთხვევაში ისტორიის გამარტივებას ემსახურებოდა, ზოგჯერ კი კოკაინით გაბრუებული გონების კონვულსიებს წარმოადგენდა.
ზემოთხსენებულ მიზეზთა გამო გასაგები ხდება რატომ შემცირდა ეპიზოდების რაოდენობა. ეს რაღაც მხრივ მისასალმებელიც კი არის. როდესაც აცნობიერებ საკუთარ სისუსტეებს შეიძლია შენს ძლიერ მხარეებზე გაამახვილო ყურადღება. სანახაობრიობის შექმნაში კი გოტს ბადალი არ ყავს. ამიტომაც ორმაგად გასაკვირია, მთელი სეზონის მეექვსედი ფაქტობრივად არაფერში როგორ დაიხარჯა, სანახაობრივი კომპენსაციის სახით კი დენი და ჯონის დრაკონებზე გასეირნება მივიღეთ. იმ დრაკონების, რომლებსაც ყმაწვილობის ჟამს ეკრანზე არ ანახებდნენ და ნაჭერგადაფარებულ გალიაში მალავდნენ. ნათელია რომ ბიუჯეტური შეზღუდვებს შოუ არ განიცდის, მაგრამ კრეატიულობაში სერიოზული კრიზისია. დარწმუნებული ვარ რომ მარტინმა მხოლოდ ის გაამხილა თუ ვინ რჩება ცოცხალი ისტორიის ბოლოს. დანარჩენი სიცარიელის შევსება კი შოუს სცენარისტებს უწევთ, შესაბამისად არც ისე დამაკმაყოფილებელ შედეგს ვიღებთ.
ჯონის და დენის ურთიერთობაზე გაცილებით რთული საყურებელი ეურონ გრეიჯოია. ქარიზმის და მისტიკის დიდი მოცულობით დაჯილდოვებული პერსონაჟის გარდაქმნა ადამიანად, რომლის მთავარი მამოძრავებელი მოტივაცია „მინდა მოვტყნა დედოფალია“ საკმაოდ ძნელი გადასახარშია. ისეც დავუმატოთ რომ თავის ძმისშვილს იმის გამო არ კლავს რომ „მთელი გემი მუნჯებით მყავს სავსე და სალაპარაკო არავისთან მაქვს“. ეს ყველაფერი საკმარისი მიზეზია რომ პერსონაჟის სიკვდილი მისი არაკომპეტენტური ადაპტაციის გამო ისურვო. გასული სეზონის ყველაზე საინტერესო პერსონაჟის სერსეის სიცოხლე რომ ამ იმბეცილის ყურებით გამოწევეული სუიციდით დასრულდეს გასაკვირი არ იქნება. ამ ყველაფრის ფონზე, თეონმა თავისი ნანატრი რეაბილიტაცია, ნაწილობრივ მაინც, საეკრანო დროის 15 წამში მოახდინა. აპლოდისმენტები სწორად გადანაწილებულ პრიორიტეტებზე.
ეპიზოდში ორი გამოსარჩევი მომენტი იყო. ერთი, სემველ ტარლის მიერ თავისი ძმისა და მამის სიკვდილის შესახებ შეტყობილი ამბავია. ემოციური გარდასახვა რომელიც პერსონაჟმა რამდენიმე წამის განმავლობაში განიცადა საკმაოდ მძიმე სანახავი იყო და შედეგიანიც, თუ გავითვალისწინებთ რომ რამდენიმე წუთში ჯონს მისი წარმოშობის ამბავიც შეატყობინა და დაენერისთან კონფლიქტის მარცვალიც დათესა. რამდენად დეტალურად იქნება ეს კონფლიქტი განხილული დანარჩენ 5 სერიაში, მაშინ როდესაც ღამის მეფე ვინტერფოლის კარს არის მომდგარი, საინტერესოა, მაგრამ დიდ იმედებს არ ტოვებს. მეორე მომენტი ჯეიმის და ბრანის შეხვედრა იყო. ეპიზოდის უკანასკნელი სცენა ნათლად წარმოაჩენს რამდენად დიდი სახეცვლილება განიცადეს პერსონაჟებმა, რომელთა პირველი შეხვედრა ხუთი მეფის ომის ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი იყო.
შესაძლოა ზედმეტად კრიტიკულად ვიყო განწყობილი პირველი ეპიზოდის მიმართ. გარდაუვალი იყო რომ ამდენი პერსონაჟის ერთად თავის მოყრისას საჭირო იქნებოდა მათი ინტერაქციებისთვის დროის დათმობოდა, თუნდაც ეს ინტერაქციები „გამარჯობა - გამარჯობათი“ ყოფილიყო შემოფარგლული. თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ სეზონში მხოლოდ 6 სერი�� იქნება, მაინც იმ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ რომ ყოველი მომენტი მაქსიმალურად უნდა ყოფილიყო რეალიზებული და დრაკონებზე ჯირითობას და ფუჭ დროის კარგვას არ უნდა დათმობოდა.   
0 notes
netrunner-84 · 5 years
Text
მივიწყებულები: The Mist
Tumblr media
ყველას გვაქვს საყვარელი ფილმები რომლებიც, თავის დროზე, მაყურებელთა უმეტესობამ დაიწუნა. სიტუაციური კონტექსტიდან გამომდინარე, ამ ფილმებში რაღაც დავინახეთ, რაც სხვებს გამორჩათ. შესაძლოა მათი ნაკლები გავიაზრეთ კიდევაც, მაგრამ დადებითი მხარეები ჩვენთვის ბევრად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. არ ვიცი ასეთ სიაში „ნისლის“ შეყვანა რამდენად სამართლიანია, მაგრამ მგონია რომ ფილმს წილად საკმარისი დაფასება არ ერგო. იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ „ნისლი“ სტივენ კინგის რომანის ადაპტაციაა და  რეჟისორად ფრენკ დარაბონტი ყავს (Green Mile, Shawshank Redemption - ასევე კინგის რომანების ადაპტაციები), კარგი იქნება მას მეტი დრო დავუთმოთ.
საუკეთესო ჰორორში ყოველთვის საქმე გვაქვს იზოლაციის ელემენტთან. მაგალითად, კარპენტერის The Thing ვერ იქნებოდა ისეთივე ბრწყინვალე, მისი მოვლენები შუაგულ ნიუ იორკში რომ განვითარებულიყო. ცივილიზაციას მოწყვეტილი და ზებუნებრივის წინაშე აღმოჩენილი ადამიანების ქმედებები ყოველთვის უფრო დაძაბყლი სანახაობის პოტენციალს შეიცავს. „ნისლი“ ერთი მხრივ გავს ზემოთხსენებულ კარპენტერის ფილმს და ამავე დროს მნიშვნელოვნად განსხვავდება მისგან. მაშინ როდესაც მაკრიდი, ჩაილდსი და მათი კოლეგები ანტარკტიკაში თავისი ნებით იმყოფებიან, ნისლის პერსონაჟები სამყაროს მოწყვეტილები ნიუ ინგლენდის შუაგულში აღმოჩნდებიან. კარპენტერის პერსონაჟებისგან განსხვავებით, პარანორმალური ნისლით გარემოცულ ჰიპერმარკეტში კაცებთან ერთად ქალებიც, ბავშვებიც და ხნიერი ადამიანებიც ხვდებიან. საზოგადოების სიმულაცია აქ გაცილებით ავთენტურად არის გადმოცემული. კარპენტერის გმირები პარანოის გამო არსებული ერთმანეთისადმი უნდობლობის მიუხედავად მონსტრებს პირისპირ ებრძვიან, ნისლის პერსონაჟებს კი გადარჩენისთვის მონსტრებთან და ერთმანეთთან დაპირისპირება თანაბრად უწევთ. ეს ურთიერთდაპირისპირება ფილმის პირველივე წუთიდან, მეზობელთან არსებული კინკლაობით იწყება და კულმინაციას ორ ჯგუფად დაყოფილ მარკეტში აღწევს, სადაც შიშისგან შეშლილი და ფუნდამენტალისტს აყოლილი ბრბო ღვთის რისხვისგან დასახსნელად მსხვერპლშეწირვას ითხოვს.
სტივენ კინგის ზიზღი ფუნდამენტალისტებისადმი ფილმში საუკეთესო პერფორმანსით არის წარმოჩენილი. მარსია გეი ჰარდენის პერსონაჟი, თითქოს ყველასთვის ნაცნობი შეშლი შინაბერაა, რომელსაც სერიოზულად თავიდან არავინ ეკიდება. მისი ტრანსფორმაცია ღვთის პირით მოლაპარაკე წინასწარმეტყველად, ასეთ ხალხში მუდმივად არსებულ საფრთხეს ასახავს. საფრთხეს, რომელიც მაშინვე იწყებს ზედაპირზე ამოტივტივებას, როგორც კი მიღებული სოციალურ ნორმებში პირველი ბზარი ჩნდება. თავისი სამსახიობო ოსტატობის წყალობით მარსია გეი ჰარდენი ფილმში იმ ერთადერთ მომენტს ქმნის, რომლის დროსაც მაყურებელი შეიძლება სიხარულისგან სკამზე წამოხტეს. ტომას ჯეინის პერსონაჟი, ფილმის მთავარი მოქმედი პირი, ადვილად საგულშემატკივრო სახეს ქმნის. წარმატებული, მეოჯახე, შვილის დასაცავად ყველაფერზე წამსვლელი ადამიანისადმი სიმპათიის გაჩენა რთული არ არის. თუმცა ზოგიერთ სცენაში მისი მიმიკები კითხვის ნიშნებს იწვევს. შეიძლება სულაც არაფერია, მაგრამ მას შემდეგ რაც კომიკონზე ბოროტ „ზაპოიში“ მყოფი ტომას ჯეინის ვიდეო ვნახე, მგონია რომ ყველა სცენაში ახლადგამოფხიზლებული შემოდის, კამერის მიღმა კი ჯოჯოხეთური სუფრა ელოდება, სადაც არაყისთვის მისაყოლებლის დამატების გამო შეიძლება სამსახიობო გილდიიდან გაგრიცხონ.
ფილმში ურჩხულებს სულ რამდენჯერმე, ისეც დიდწილად ნისლით დაფარულებს ვხედავთ, მაგრამ ზებუნებრივი ელემენტის უყურადღებოდ დატოვება არ მინდა. სტივენ კინგის წიგნებში ჰორორ�� მთავარ სიძლიერედ არასოდეს მიმაჩნდა. ის ყველაზე კარგად მაშინ იკითხება როდესაც ბავშვობაზე, მელანქოლიაზე და ამ ორის კომბინაციით გამოწვეულ არამქვეყნიურ სევდაზე საუბრობს. თავად ნისლში, ჰორორის ელემენტები უფრო ლავკრაფტულია ვიდრე კინგისეული. ამ მონსტრების შესახებ, ან მათ მოტივაციებზე არაფერი ვიცით. ერთადერთი ინფორმაცია რომელიც გვაქვს სამხედროების მიერ მოყოლილი ამბავია, ექსპერიმენტის შესახებ, რომლის შედეგადაც მეცნიერებმა სხვა განზომილებაში გახსნეს პორტალი. აქ ორი სამყაროს შეუთავსებლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ერთი მეორეს უბრალოდ თავისი არსებობით ანადგურებს. აგრესორს შეიძლება არ გააჩნდეს რაიმე ბოროტი განზრახვა მისი მსვერპლის მიმართ, მაგრამ თავის გზაზე მიმავალს ისევე მარტივად შეუძლია მისი გასრესვა, როგორც ადამიანს ჭიანჭველის. ფილმის  დასასრულიდან გამომდინარე, ეს აზრი წიგნს უფრო შეესაბამება, სადაც სამყაროს ბედი სხვანაირად წყდება.
სტატიის ბოლოს, თავად ფილმის დაბოლოებასაც ვახსენებ. „ნისლი“ 13 წლის წინ გამოვიდა, მარამ მისი მთლიანად დასპოილერება მაინც არ მინდა. მიზეზი მარტივია, დარაბონტი ფაქტობრივად ზედმიწევნით მიყვება წიგნის ისტორიას, მაგრამ ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში ისეთ დეტურს აკეთებს, რომ კინგს მა��ლობის გარდა არაფერი ეთქმის. მსგავსი შემზარავი სურათი, თავისი იდეალური მოწოდებით და კომპოზიციით, ცოტა ფილმს თუ შემოუთავაზებია. ნისლის მთავარი ტრაგედია მონსტრების გარეშე, სრულ სიწყნარეში იშლება და ფილმს უბრალოდ კარგი ადაპტაციისგან აუცილებელ სანახაობად აქცევს.
0 notes